საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, “ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაიწყეს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მომდევნო სასწავლო წლიდან, ყველა უმაღლესი სასწავლებლის ყველა ფაკულტეტზე, ქართული ენის სწავლა სავალდებულო იქნება.
კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ეს ცვლილება ბაკალავრიატის მიმართულებას შეეხება. მისივე თქმით, ქართული ენის საგნის დამატება კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც შეეხება.
“2025 წლის სექტემბრიდან უნდა აღდგეს ქართული ენის სწავლების სავალდებულო წესი, ყველა უმაღლეს სასწავლებელში, ბაკალავრიატის საფეხურზე. არა მხოლოდ ქართულ ენოვან სექტორში, არამედ ყველა მიმართულებაზე. ჩვენ, სანამ ამ ცვლილებებამდე მივიდოდით გავიარეთ ძალიან ფართო და დეტალური განხილვის გზა.
პირველად შესაბამისი ინიციატივით მოგვმართეს ენათმეცნიერებმა. შემდეგ ჩვენ კომიტეტის დონეზე განვიხილეთ შესაძლებლობები და ახლა უკვე გადავდივართ განხილვის ნაწილზე.
იცით, რომ სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე, 2005 წელს წინა ხელისუფლების დროს მოხდა გაუქმება ქართული ენის სწავლების ვალდებულების, რაც დიდი შეცდომა იყო.
ეს ინიციატივა დარეგისტრირებულია და ბიურომ ჩვენს კომიტეტს დაავალა მისი განხილვა”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
