კატეგორიები

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს MEGOBARI აქტს განიხილავენ

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს MEGOBARI აქტს განიხილავენ

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს, 5 მაისს, „MEGOBARI აქტს“ განიხილავენ. ინფორმაციას წარმომადგენელთა პალატა ავრცელებს.

„MEGOBARI აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს: დაიწყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის; აღიარონ ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ვალდებულების მიმართ; მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტისგან სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართულნი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის მიზნით, ძირს უთხრიდნენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ან ჩართულნი იყვნენ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სტაბილურობას; გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებსა და თავდაცვით თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ იმოქმედებს საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნების მიხედვით; გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში; მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იცავს ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან.

MEGOBARI აქტის განხილვამდე კომენტარები გაკეთდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

„ქართული ოცნების” წარმომადგენლები MEGOBARI აქტს არამეგობრულსა და უსამართლოს უწოდებენ, და იმედს გამოთქვამენ, რომ თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია მას მხარს არ დაუჭერს.

„სამწუხაროდ, ეს დოკუმენტი მეგობარ აქტს ნამდვილად არ წარმოადგენს და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან აბსოლუტურად სხვა მოლოდინი გვაქვს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და ახალი პრეზიდენტის პოლიტიკური ხაზის ლაიტმოტივი დიდწილად ემთხვევა „ქართული ოცნების” პოლიტიკას. შესაბამისად, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ თანხვედრების, საგარეო პოლიტიკურ ჭრილში არსებული ვითარების კვალობაზე, არსებითი გადატვირთვა და ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება მოხდეს – იყოს ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა და არამხოლოდ ფურცელზე. რაც შეეხება იმ აქტს, ამ სამარცხვინო დოკუმენტს, ბუნებრივია, ის არ წარმოადგენს არცერთ შემთხვევაში რაიმე ფორმით საქართველოსთან მეგობრობის სულისკვეთების მატარებელ დოკუმენტს და აქ გლობალური „დიფ სთეითის“ ხელი ძალიან აშკარად და ცალსახად იკვეთება. ბუნებრივია, იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთობა არსებითად ახალი ფურცლიდან დაიწყება და ეს რაღაც სამარცხვინო დოკუმენტები არ იქნება ხელის შემშლელი იმისთვის, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობა გადაიტვირთოს“,- განაცხადა „ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება” ამ აქტის მიღების შემთხვევაში დემოკრატიის დაზიანებისა და ძალადობისთვის იგრძნობს რეალურ წინააღმდეგობას დემოკრატიული სამყაროს მხრიდან.

„კიდევ უფრო ახლოვდება შავი ღრუბელი „ქართული ოცნების“ ცაზე. საბოლოოდ ჩამოიშალა და დღეს უკვე დოკუმენტურად ის ლეგენდა გაფორმდება, რომ ტრამპთან „ქართული ოცნება“ დალაგდება და საერთო ფასეულობები აქვთ. ირანის, „ჰეზბოლას“, „ჰამასის“, რუსეთისა და ჩინეთის მეგობრებს საერთო თავისუფალი სამყაროს ლიდერსა და მის იდეოლოგიასთან არ აქვთ. შესაბამისად, ამას კიდევ ერთხელ ვიხილავთ ორპარტიული მხარდაჭერით კონგრესში, სხდომაზე განხილვებში და შემდეგ უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დოკუმენტს ტრამპის ხელმოწერაც დაამშვენებს. ზოგადად, ჩვენ ვხედავთ, რამდენად მძიმედ განიცდის „ქართული ოცნება“ საერთაშორისო წნეხს და „MEGOBARI აქტის” ძალაში შესვლა, ამ წნეხის გაათმაგებაა“, – განაცხადა კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა თაზო დათუნაშვილმა.

კანონპროექტი სახელწოდებით „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენებ სტივ კოენსა და მარკ უიზისთან ერთად.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები