მთავარიკულტურა„წიგნებით თავისუფლებისთვის”- თბილისის წიგნის ბაზრობა გაიხსნა

„წიგნებით თავისუფლებისთვის”- თბილისის წიგნის ბაზრობა გაიხსნა

“წიგნებით თავისუფლებისთვის” – ამ სლოგანით გაიხსნა წიგნის ბაზრობა „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში.

„ეს  სლოგანია წელს თბილისის წიგნის ბაზრობისთვის, რაც ვფიქრობ, რომ დღევანდელ რეალობას ყველაზე კარგად შეესაბამება, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ წიგნს, კრიტიკულ აზროვნებას, მკითხველ ადამიანს შეუძლია ქვეყანა დააყენოს სწორ გზაზე და ამიტომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ წელს მიუხედავად იმ გარდამტეხი ცვლილებებისა და იმ ნეგატიური ამბებისა, რაც ქვეყანაში არის პარალელურად შეგვექმნა სივრცე, სადაც გამომცემლები წიგნის ავტორები, მკითხველები ერთად შეიკრიბებოდნენ და კიდევ ერთხელ დაფიქრდებოდნენ იმაზე, რა მნიშვნელოვანია კრიტიკული გააზრება იმისა, რაც ხდება ქვეყანაში“, – ამბობს, საქართველოს წიგნის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი.

„ქართული ლიტერატურა არის ერთგული იმ ღირებულებების, რაც მასშია შენახული და როცა საქართველოზე ვსაუბრობთ ეს არის იდეა, რომელიც ამ ღირებულებებს ატარებს, ლიტერატურის ეს პოზიცია არის აქტი და მტკიცებულება იმის, რომ ქართველი მწერლები გამომცემლები, აცნობიერებენ ამ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ჩვენ ზუსტად ვიცით თუ რა არის ფასი ამ ღირებულებებზე უარის თქმის, კომპრომისის  იქ სადაც ეს კომპრომისი არ შეიძლება”, – ამბობს მწერალი ტორესა მოსი.

ოთხი დღის განმავლობაში, ერთ სივრცეში მოიყრიან თავს წიგნები, ავტორები და ლიტერატურის მოყვარულები.

ღონისძიებას 50-ზე მეტი მონაწილე ჰყავს და მათ შორის არიან როგორც გამომცემლობები, ასევე წიგნის მაღაზიები.

„ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული გამომცემლობა დაფუძნების დღიდან აცნობიერებს თავის მკითხველთან, პასუხისმგებლობას. ჩვენი მკითხველი არის იმ თავისუფალი საზოგადოების ნაწილი, რომელიც იქმნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ თავისუფალი საზოგადოება არ უნდა დაბრუნდეს ცენზურა, რის თავზე მოხვევასაც არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს”,– ამბობს, გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია.

თბილისის წიგნის ბაზრობაზე მედიის სოლიდარობის სტენდია განთავსებული, იმის საჩვენებლად თუ რა რთულ ვითარებაში უწევს მედიას დღეს ქვეყანაში მუშაობა.

ეს სტენდი მოვიფიქრეთ იმისთვის, რომ ადამიანი როცა მოვა კიდევ ერთხელ დარწმუნდეს რამხელა მნიშვნელობა აქვს პრესის თავისუფლებას საქართველოში. სიტყვის თავისუფლება ზოგადად საფრთხის წინაშე დგას საქართველოში და მათ შორის მედია, ინტერნეტმედია რთულ მდგომარეობაში დღეს…. სლოგანი არის „წიგნებით თავისუფლებისთვის“ გვინდოდა ეს გვეჩვენებინა და სოლიდარობა გამოგვეხატა მაგალითად მზია ამაღლობელის მიმართ და სხვა ჟურნალისტების მიმართ” – ამბობს, საქართველოს წიგნის ასოციაციის“ თავმჯდომარე ნატო ალხაზიშვილი.

“წელს განსაკუთრებული ვითარებაა, მაგრამ ეს ადგილი ყოველთვის იყო არამხოლოდ წიგნის გაყიდვის ადგილი, არამედ არაერთი საინტერესო საუბარი მომისმენია აქ, ბევრი მოდის ხოლმე და რაღაც დროს დაყოფს იმიტომ, რომ ნაცნობები არიან, წიგნების გარშემო ტრიალი უყვართ ხოლმე და მგონია, რომ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია ბევრისთვის, ვისაც წიგნები უყვარს”, – ამბობს ჟურნალისტი ნიკო ნერგაძე.

„დღეს რომ მოვედით ამას თავისებური პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობაც აქვს, ეს ნიშნავს, რომ აქ მყოფ გამოცემებს მხარს უჭერ, მეორე ის არის, რომ კითხვას და წიგნის გამოცემას მათზე მუშაობას ამ კულტურას უწყობ ხელს, რადგან გინდა, რომ შენ ქვეყანა იყოს ნაკითხი ერის კულტურით ნასაზრდოები. მე პირადად თვითონ ვწერ და ვთარგმნი და წიგნების კითხვა ჩემი ყოველდღიურობაა, რადგან ის ჩემი პროფესიის ნაწილია. რეალურად ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ არამხოლოდ ისიამოვნო და რაღაც წაიკითხო არამედ შენი თავი ხელახლა გაიცნო, შენი ისტორია, შენი კულტურა ხელახლა აღმოაჩინო”, – ამბობს მკითხველი მათე სარალიშვილი.

ღონისძიების ორგანიზატორია “საქართველოს წიგნის ასოციაციაა“ ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს საუკეთესო დღეები იქნება წიგნებზე სასაუბროდ, დისკუსიისთვის და საყვარელ ავტორებთან გასაუბრებისთვის.

თბილისის წიგნის ბაზრობა „ექსპო ჯორჯიას“ სივრცეში 13 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend