პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 4 აპრილს, მედიასთან სხვადასხვა საკითხთან ერთად საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა.
მან დღეს საფრანგეთი გააკრიტიკა და თქვა, რომ ქვეყნის მთავრობას რეიტინგი არ აქვს.
„თვითონ საკუთარ საქმეებს მიხედონ. ჩვენ არ ვაკეთებთ ხოლმე განცხადებებს, თუ რა ხდება საფრანგეთში. ყველამ პატივი უნდა სცეს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და არავინ არ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნის საქმეებში. მით უმეტეს, როცა ამას აკეთებს დიპლომატი, ელჩი — ეს არის ვენის კონვენციის პირდაპირი დარღვევა. ჩვენი ელჩები ამას არ აკეთებენ, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში არაერთი მანკიერება ვიხილეთ მთელი ამ წლების განმავლობაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე გააკრიტიკა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც, თქვა, რომ ის „დიფ სთეითის“ დავალებას ასრულებს და მოუწოდა, რომ საკუთარ ქვეყანას მიხედოს.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ურთიერთობებზე ვაშინგტონთანაც და აღნიშნა, რომ არსებობს ორი სცენარი და სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, გადაიტვირთება თუ არა ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.
„ახლა უკვე მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა ტრამპის არჩევამ. მთავარი შედეგი არის ის, რომ საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ სხვანაირად გაიგო. უკვე ხედავთ, რომ ახალი ხელისუფლება აშშ-ში იმავეს საუბრობს წინა ხელისუფლებაზე, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით 4 წლის განმავლობაში. ეს უკვე ძალიან ხელშესახები, მნიშვნელოვანი შედეგია. რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, ვნახოთ, ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად. არის ორი შესაძლო სცენარი. ერთი სცენარია, რომ ტრამპი ამარცხებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში ეს არის ჩვენთვის კარგი სცენარი, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. თუ ტრამპი ვერ დაამარცხებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში არის რისკი იმისა, რომ ისევე გაგრძელდეს მოვლენების განვითარება, როგორც ეს გრძელდებოდა გასული 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ორივე სცენარისთვის ვართ მზად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
