დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი გრენლანდიას სამდღიანი ვიზიტით ეწვია, რომლის მიზანია ნდობისა და თანამშრომლობის განმტკიცება ახლად არჩეულ ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
დანიის პრემიერმა გრენლანდიაში ვიზიტი მას შემდეგ დაგეგმა, რაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა გასულ კვირას, აშშ-ის სამხედრო ბაზის მონახულებისას, დანია დაადანაშაულა, რომ გრენლანდიაში არასაკმარისად დებს ინვესტიციას.

ფრედერიქსენი უარყოფს ბრალდებას. მან გრენლანდიაში ყოფნისას პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს გრენლანდიელ ხალხს.
„მინდა, ყველა გრენლანდიელს ვუთხრა, რომ მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს — გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია, რათა ვიზრუნო ამ საოცარ ქვეყანაზე და მხარი დავუჭირო გრენლანდიას ამ რთულ ვითარებაში“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა.
ვიზიტის ფარგლებში დანიის პრემიერი შეხვდება გრენლანდიის ახალ ლიდერს, იენს-ფრედერიკ ნილსენს. ნილსენმა ბოლო დღეებში განაცხადა, რომ გრენლანდია წინააღმდეგობას გაუწევს აშშ-ის ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ტერიტორიის ანექსიას ითვალისწინებს.