კატეგორიები

რუსეთი „უცხოური აგენტების შესახებ კანონის” გამკაცრებას გეგმავს

რუსეთი „უცხოური აგენტების შესახებ კანონის” გამკაცრებას გეგმავს

რუსეთში ე.წ. „აგენტების შესახებ კანონის” გამკაცრებას გეგმავენ. სახელმწიფო დუმა შესწორებების კენჭისყრისთვის ემზადება. ახალ ინიციატივებს შორისაა საპატიმრო სასჯელი მათთვის, ვინც რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით გამოვა. ინიციატივის თანახმად, ამ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადითაა განსაზღვრული.

რუსეთის სახელმწიფო დუმა 2 აპრილს პირველი მოსმენით განიხილავს იმ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც რუსი კანონმდებლების აზრით, ე.წ. „უცხოური აგენტების” საქმიანობის უკეთეს კონტროლსა და კანონის სრულყოფას მოემსახურება. ინიციატივა მმართველ პარტიას ეკუთვნის, თუმცა ჰყავს თანაავტორები სხვა პარტიებიდან. რუსი კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ უფრო ფართო გაგებით, ახალი შესწორებები რუსეთის სუვერენიტეტის დაცვასა და რუსეთის საქმეებში უცხო ძალების ჩარევის ხელშეშლას ითვალისწინებს.

ვინ მოხვდება „უცხოური აგენტების” რეესტრში?

კანონპროექტის  ავტორებს სურთ, რომ უცხოური აგენტების რეესტრი გაფართოვდეს, კერძოდ, მასში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც ხელს შეუწყობენ იმ საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებების აღსრულებას, რომელთა წევრიც რუსეთი არ არის. ასეთია, მაგალითად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. ამ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადითაა განსაზღვრული.

ამასთან, ინიციატივის თანახმად, „უცხოური აგენტების” რეესტრის კანდიდატები არიან ის პირებიც, რომლებიც ხელს შეუწყობენ უცხო ქვეყნის სახელმწიფოებრივ ორგანოებს იმ ქმედებების განხორციელებაში, რომლებიც რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგაა მიმართული. იგივე სტატუსი ერგებათ პირებს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებს ჩართავენ იმგვარი სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის შესახებ მონაცემების შეგროვებაში, რომლებიც შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენონ. ეს გულისხმობს ინფორმაციის ან მატერიალური მონაცემების გავრცელებას ან მათ შექმნაში მონაწილეობასაც.

სასამართლო დაუსწრებლად, ციხე და საკუთრების კონფისკაცია

შესწორებების ავტორები ასევე გამოდიან ინიციატივით, რომ სასამართლო განხილვა მოპასუხე მხარის გარეშე წარიმართოს. საუბარია იმ პირებზეც, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს. დეპუტატებმა განსაზღვრეს, რომ მსგავს ქმედებებში შედის „ტერორიზმის, ექსტრემიზმის, რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და მათი დისკრედიტაციისკენ” მიმართული ნაბიჯები.

პროექტის თანახმად, სასჯელი შეიძლება განისაზღვროს, როგორც პატიმრობით, ისე კუთვნილების კონფისკაციით.

ცამეტწლიანი სისხლის სამართლებრივი დევნა

რუსეთში „უცხოური აგენტის” ცნება პირველად 2012 წელს გაჩნდა, ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების შემდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების საპასუხოდ. კანონპროექტი დროსთან ერთად გაფართოვდა. მას ახალი მუხლები  2017, 2019 და 2020 წლებში დაემატა.

„უცხოურ აგენტებად” მიჩნეული ორგანიზაციები და ფიზიკური პირები საქმიანობის განხორციელებისას ხელშესახებ შეზღუდვებს აწყდებიან. ხელისუფლების მოთხოვნების უგულებელყოფის შემთხვევაში მათთვის გათვალისწინებულია დიდი რაოდენობის ფინანსური ჯარიმები და სისხლის სამართლებრივი დევნა.

„უცხოური აგენტების” რეესტრი რუსეთში 2013 წლიდან წარმოებს. 2024 წლის ივნისის მონაცემებით, მასში 820 ფიზიკური და იურიდიული პირი შედიოდა, მათი ნაწილი რეესტრიდან ამორიცხეს.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები