მთავარიგადაცემებიEuropean Storiesსტუდენტების პროტესტი სერბეთში - რთული გამოწვევა ევროკავშირისთვის

სტუდენტების პროტესტი სერბეთში – რთული გამოწვევა ევროკავშირისთვის

სერბეთში ისევ პოლიტიკური კრიზისია, რომელიც შეფიქრიანებული ევროკავშირის თვალწინ მიმდინარეობს. ბრიუსელი კი ორ ცეცხლშუა დგას: ერთი მხრივ, სტრატეგიული თვალსაზრისით,  ის ვალდებულია, გვერდით დაუდგეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, მეორე მხრივ –  ევროკავშირში აცნობიერებენ, რომ კანონის მრავალი პრინციპი სერბეთში ჯერ კიდევ ძალიან შორის დგას ევროპული სტანდარტისგან. მაინც როგორია გამოსავალი ამ ჩიხიდან?

პროტესტი სერბეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ქალაქ ნოვისადის  რკინიგზის სადგურზე გარე თაღის ჩამონგრევას. პროტესტის მონაწილეები ხელისუფლებას კორუფციასა და ავტორიტარიზმში სდებენ ბრალს. მიუხედავად იმისა, რომ გადადგა პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი, მოძრაობა, რომელსაც სტუდენტები უდგანან სათავეში, სერბეთის 200 ქალაქში გავრცელდა. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სტუდენტები „რევოლუციის მცდელობაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, „უცხოურ ძალებს“ მისი ჩამოგდება და სერბეთის დესტაბილიზაცია სურთ.

ევროკავშირი ჯერჯერობით თავს იკავებს. ევროკომისიამ განაცხადა, რომ „ის მხარს უჭერს კანონს შეკრების თავისუფლების შესახებ.“

სერბეთი 2012 წლიდან არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. მიღებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 2014 წელს გაიხსნა. ევროკავშირი არის სერბეთის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი, ინვესტორი და ყველაზე დიდი ფინანსური დახმარების მიმწოდებელი. ევროპამ კიდევ ერთხელ 1.586 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის გრანტი და შეღავათიანი სესხი გამოუყო სერბეთს, რათა ქვეყანაში გატარდეს რეფორმები ბიზნესის, გარემოს დაცვისა და ციფრულ სექტორებში, ასევე კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით.

ახალგაზრდები ითხოვენ ნაკლებ კორუფციასა და მეტ დემოკრატიას, გამჭვირვალობას, სამართალს, თანასწორობასა და პასუხისმგებლობას.

“რაც შეეხება არჩევნებს, ხალხის უმეტესობა მათ  აღარ ენდობა. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ამასთან დაკავშირებით რაღაც შეიცვლება მალე, რადგან თუ ასე არ მოხდა, სულ უფრო მეტად ჩავეფლობით ჭაობში და მეტად დავშორდებით დემოკრატიას,“ – ამბობს 20 წლის ელექტროინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი ლენა.

ლენამ მონაწილეობა მიიღო სერბეთის მესამე ყველაზე დიდი ქალაქის ქალაქ ნიშის ქუჩებში გამართულ უზარმაზარ საპროტესტო აქციაში.

სტუდენტები ასევე ითხოვენ დამოუკიდებელ სასამართლოსა და თანასწორობას. არცერთ პოლიტიკურ პარტიასა და იდეოლოგიას არ ემხრობიან. ისინი გვარებს არ ასახელებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მათი პირადი ხვედრი არ არის მნიშვნელოვანი – ასე ამბობენ.

“მინდა პატიოსნებისა და პასუხისმგებლობის იმ კრიტერიუმებით ვიცხოვრო, რომლებიც მე მაქვს“, – ამბობს  ელექტროინჟინერიის ფაკულტეტის კიდევ ერთი სტუდენტი სტაშა.

„მაგრამ ჩემს საქციელს ფასი და ეფექტი რომ ჰქონდეს, ამისთვის ჩვენ, როგორც კოლექტივი, ყველა უნდა დავემორჩილოთ ამ პრინციპებს. და ასე უნდა გავუძღვეთ ქვეყანას და ჩვენმა ხალხმა უნდა გვაჩვენოს, რა გზით ვიაროთ. გვინდა, ჩვენი ცოდნა რაღაცას ნიშნავდეს, რომ ჩვენი სიბეჯითე დაფასდეს. გვინდა, რომ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით კი არა შეგვაფასონ, არამედ ჩვენი ღირსებისა და საქმის მიხედვით“.

სანამ სერბი ახალგაზრდობა სამართლისა და ანტიკორუფციული მოთხოვნების ირგვლივ ერთიანდება  ბევრი ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრება არ არის რეალური  მიღების გაწელილი პროცესის გამო. ზოგსაც მიაჩნია, რომ ევროკავშირის პასუხი მათი დემოკრატიის ეროზიის პროცესზე სუსტი იყო. ეს კი ხელს უწყობს ახალგაზრდებში ისედაც მიმდინარე ფარული ევროსკეპტიციზმის განცდის გაღვივებას, ფიქრობს სერბეთი-ევროკავშირის ურთიერთობების  ექსპერტი და ორგანიზაცია „ევროპული მოძრაობა სერბეთის“ გენერალური მდივანი დრაგანა დიურიცა.

“45-იდან 60 წლამდე ასაკის მქონე თაობის წარმომადგენელთა უმეტესობა ევროინტეგრაციის მომხრეა, მაშინ, როცა უფრო ახალგაზრდა თაობაში ამ თვალსაზრისით შეიმჩნევა უნდობლობა და ურწმუნოება“, – ამბობს დრაგანა დიურიცა.  „მათ საერთოდ არ აინტერესებთ ევროკავშირის წევრობა. 45-60 წლის ადამიანების თაობა ახლანდელი ახალგაზრდების ასაკის იყო 90-იან წლებში და კარგად ახსოვს იზოლაციის, სანქციებისა და კონფლიქტების დრო ამ რეგიონში. ამიტომ მათ აღარ სურთ იგივე მოხდეს ახლაც“.

მისი აზრით, განათლების სისტემაში ევროკავშირის ჩართვა, კულტურული გაცვლითი პროგრამები და დაფინანსება გადამწყვეტ როლს ასრულებს სერბი ახალგაზრდების მისაზიდად, რომლებიც დაიღალნენ ხანგრძლივი გაწევრების პროცესით, რომელსაც ახლა დეზინფორმაციის კამპანიაც დაერთო.

“არსებობს სხვადასხვა საკითხის კომბინაცია, რომელთა გამოც მოქალაქეებმა არ იციან, თუ რას ემსახურება ევროკავშირი, რა მოაქვს მას და რა ვალდებულებები აქვს სერბეთს ევროპული ინტეგრაციის პროცესში“, – განმარტავს დრაგანა დიურიცა.  „იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი უფრო მტკიცე პოზიციას დაიკავებს, რათა დაიცვას ის ღირებულებები, რომელთაც წარმოადგენს და  სწორად მიიტანს მათ მოქალაქეებამდე, რათა არ დაკარგოს ეს თაობა“.

სტუდენტებმა აღთქმა დადეს, რომ იქამდე იაქტიურონ, სანამ მათი ქვეყანა არ დანერგავს ისეთ სისტემას, რომელიც „პატივს სცემს ცოდნასა და შრომას, და არა მორჩილებასა და დუმილს“.

ავტორი: ხულიან გომესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend