ისრაელის არმიის მიერ საომარი მოქმედებების განახლების ფონზე პალესტინელებს კიდევ ერთხელ უწევთ საკუთარი სახლების დატოვება და ე.წ. უსაფრთხო ზონებში გადასვლა. ბოლო ორი დღეა, ისრაელის სამხედროებს იერიში მიაქვთ ღაზის სექტორზე. ბოლო ინფორმაციით, გასული დღეების ავიადარტყმებს ემსხვერპლა 400-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან ორი მესამედი ქალი და ბავშვია.
ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორზე განახლებული იერიშებით ისრაელის არმია ისევ ამყარებს კონტროლს საკვანძო დერეფანზე, რომელიც ღაზის ჩრდილოეთ ნაწილს სამხრეთთან აკავშირებს. ისრაელი აღარ იცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ორი დღეა, სასტიკი იერიში მიაქვს ალყაში მოქცეულ ტერიტორიაზე. პალესტინელები კი ისევ იძულებული არიან, გაიქცნენ და თან წაიღონ ის, რისი გადარჩენაც შესაძლებელია.
⭕️ IDF troops began targeted ground activities in central and southern Gaza, over the past day, in order to expand the security zone and to create a partial buffer between northern and southern Gaza. As part of the ground activities, the troops expanded their control further to… pic.twitter.com/TI4068LAJd
— Israel Defense Forces (@IDF) March 19, 2025
პალესტინელი მოაზ ნასერი ამბობს, რომ წინა დღით ისრაელის არმიამ ჩამოყარა ბროშურები, რომლებშიც ეწერა, რომ უნდა დაეტოვებინათ ბეიტ-ჰანუნის ტერიტორია. აქ ისინი 20 დღის წინ დაბრუნდნენ მავასიდან და კარვებში ცხოვრობდნენ. ახლა კი იძულებული გახდნენ, ისევ წამოსულიყვნენ. მისი თქმით, ოკუპაციამ დანდობა არ იცის. ამიტომ გაეცალნენ იქაურობას, რომ ტრაგედია არ დატრიალებულიყო.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამშაბათს ისრაელელთა იერიშების შედეგად 400-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, მათგან თითქმის ორი მესამედი ქალი და ბავშვი იყო. ამასთან, სამინისტროს მონაცემებში არ არის დაზუსტებული, დაღუპულთა შორის რამდენია მშვიდობიანი მოქალაქე და რამდენი – მებრძოლი.
დევნილები ამბობენ, რომ ვითარება უარესობისკენ მიდის. თავიდან დაიწყო ტრაგედია, ტანჯვა, შიში და საშინელება. ბავშვები დაბომბვისა და რაკეტების შიშით ღამით ვერ იძინებენ. კარგი არაფერი ხდება. როცა სამხრეთიდან ჩრდილოეთში დაბრუნდნენ, ყველაფერი დანგრეული დახვდათ.
ისრაელიც და შეერთებული შტატებიც საომარი მოქმედებების განახლებაში „ჰამასს“ ადანაშაულებენ. „ჰამასმა“ უარი განაცხადა, ომის დასრულებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებამდე დამატებით მძევლები გაეთავისუფლებინა – ეს არ იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში გათვალისწინებული.