უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები თუ როგორ დაბომბა პუტინის არმიამ სუმის რეგიონში სამედიცინო დაწესებულება. ეს კი აშშ-ის პრეზიდენტისა და კრემლის მმართველის საუბრიდან სულ რამდენიმე საათში მოხდა.
ამასთან, რუსეთი თავს დაესხა დნიპროს ოლქში რკინიგზის ენერგოსისტემას, რითაც დაარღვია ამერიკის პრეზიდენტისთვის სატელეფონო საუბრისას მიცემული პირობა, რომ ენერგოობიექტებს არ შეეხებოდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თქმით, 18 მარტის ღამეს კრემლმა 145 ირანული წარმოების დამრტყმელი დრონით, ორი ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-ემითა“ და ოთხი С-300 ტიპის რაკეტით მიიტანა იერიში.
ჰაერში განადგურდა 72 დრონი. ოფიციალური ინფორმაციით, მათი სამიზნე იყო უკრაინის არაერთი მშვიდობიანი ოლქი, მათ შორის სუმის, ხარკივის, ზაპორიჟიის, ოდესისა და კიევის ოლქები. რთული ვითარება იყო ფრონტის ხაზზეც.
„გასულ დღეს ჯამში 140 საბრძოლო შეტაკება იყო. განახლებული ინფორმაციით, მტერმა უკრაინულ პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე 65 საავიაციო იერიში მიიტანა. ჩამოაგდეს 81 მართვადი ბომბი. გამოიყენეს დაახლოებით 2200 თვითმკვლელი დრონი. ასევე საარტილერიო საშუალებებით 5300-ჯერ გაგვიხსნეს ცეცხლი. მათ შორის 88 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. შეტევების ძირითადი მიმართულებები იყო ჩერნიჰივის, სუმის, ხარკივისა და ზაპორიჟიის ოლქები“, – აცხადებს უკრაინის გენერალური შტაბის სპიკერი ანდრიი სმიიანი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინს სურს, რამდენიმე უკრაინულ ოლქზე გააძლიეროს იერიშები. გავრცელებულ განცხადებაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პუტინმა, ფაქტობრივად, უარყო წინადადება ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ. ზელენსკის თქმით, სწორი ნაბიჯი იქნება ის, რომ მსოფლიომ არ დაუშვას და უარი უთხრას პუტინს ამ ომის გახანგრძლივებაზე, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და დახმარება გაუწიოს უკრაინას.
„რა უნდა პუტინს? პუტინს უნდა რამდენიმე მიმართულებით შეტევითი ოპერაციების წარმართვა. როგორც აღვნიშნეთ, ესაა ზაპორიჟიის, ხარკივისა და სუმის მიმართულებით. ის ამის გაკეთებას შეეცდება, რათა მაქსიმალური ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე. ამასთან, ის ეცდება, ეს ყველაფერი უახლოეს თვეებში გააკეთოს. მისი მიზანია, წინ წაიწიოს რუსულმა ჯარმა. არ აინტერესებს, რამდენი ჯარისკაცი ჰყავს არმიაში. ამას იმიტომ აკეთებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისას მეტი ულტიმატუმი ჰქონდეს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ
უკრაინის დაბომბვიდან მალევე განცხადება გაავრცელა რუსეთის თავდაცვის უწყებამ. სადაც ვკითხულობთ:
„19 მარტს რუსეთ-ამერიკას შორის მაღალი დონის მოლაპარაკება გაიმართა, გადაწყდა, რომ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები დროებით უნდა შეწყვეტილიყო. ეს რუსეთის პრეზიდენტის სურვილიც იყო. თუმცა იმავე ღამეს, მოლაპარაკების დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, კიევის რეჟიმი სამი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით მიზანმიმართულად დაესხა თავს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას კრასნოდარის მხარეში“.
თუმცა რუსული მხარე მხოლოდ ამას არ სჯერდება. 19 მარტს დილით ბელგოროდის გუბერნატორმაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის საზღვრის გასწვრივ საბრძოლო შეტაკებებია უკრაინის არმიასთან.
ვიაჩესლავ გლადკოვი დრონებით იერიშებზეც საუბრობს და ოლქზე მიტანილ იერიშებში უკრაინას ადანაშაულებს.
ონლაინმედია კონფერენციის დროს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ბელგოროდის ოლქში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა. მას პირდაპირი პასუხი არ გაუცია, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინას უფლება აქვს, ქვეყანაში იერიშების აღსაკვეთად პროაქტიულად იმოქმედოს.
~„უკრაინელი ჯარისკაცები სამხედრო ოპერაციებს აგრძელებენ კურსკში. და იქამდე დარჩებიან, სანამ საჭირო იქნება. ჩვენ გავაძლიერეთ ძალები ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთ მიმართულებაზე. პუტინმა თქვა, რომ კურსკში ჩვენი ბიჭები ალყაში არიან. აღმოჩნდა რომ ეს ასე არაა. პუტინის გადასაწყვეტი არ არის, რას მოიმოქმედებენ ჩვენები. სანამ მტერი ჩვენს მიწაზეა, ეს ნაბიჯები აბსოლუტურად გასაგები და სტრატეგიულია. სუმის ოლქის საზღვარზე ჯარისკაცების ახალი კონცენტრაცია ვნახეთ. ვხედავთ, რისი გაკეთება სურთ, მათ სურთ, რომ სუმის, ხარკივის, ზაპორიჟიის ოლქებზე იერიშები მიიტანონ. აი, რას ვხედავთ ჩვენ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს ასე მარტივად მოხდეს“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი საკმაოდ პროდუქტიული იყო.
სავარაუდოდ, ეს შეფასება მაშინ გამოაქვეყნა, როდესაც რუსეთი ბალისტიკური სარაკეტო სისტემებითა და დრონებით უტევდა კიევს, უკრაინელი სამხედროები კი თავდაცვის მიზნით რუსეთს კონტრიერიშებით პასუხობდნენ. რუსეთის ომი უკრაინაში კი გრძელდება.