სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ (SIPRI) ორშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2020-2024 წლებში უკრაინა გლობალურად იარაღის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა გახდა, შესყიდვები თითქმის ასჯერ გაიზარდა წინა ხუთწლიან პერიოდთან შედარებით.
ამავდროულად, უკრაინამ 2022 წლიდან მნიშვნელოვნად გააფართოვა იარაღის შიდა წარმოება, რაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირდაპირი პასუხი იყო.
🇺🇦 Ukraine was the world’s biggest arms importer in 2020–24, accounting for 8.8% of global imports, as states supplied arms, mostly as aid, in response to the full-scale Russian invasion in February 2022. Press release: https://t.co/XUIMxuT88C pic.twitter.com/lVjFFtJaA7
— SIPRI (@SIPRIorg) March 10, 2025
გავრცელებული ინფორმაციით, ყველა საჭირო იარაღის დაახლოებით 35% ახლა ადგილობრივად იწარმოება, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 10%-ზე ნაკლები იყო რუსეთის ინტერვენციის დასაწყისში.
ევროპა ამჟამად უკრაინას სამხედრო საჭიროებების დაახლოებით 30%-ს აწვდის, აშშ კი – 40%-ით უზრუნველყოფდა.
თუმცა უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ჰერმან სმეტანინმა ევრონიუსს განუცხადა, რომ უკრაინას კიდევ უფრო მეტის წარმოება შეუძლია.
„ფრონტზე გამოყენებული იარაღის 40%-ამდე უკრაინაშია წარმოებული. ეს თითქმის ნახევარია და ჩვენ კიდევ უფრო მეტის წარმოება შეგვიძლია, უბრალოდ დაფინანსება გვჭირდება“, – განაცხადა სმეტანინმა.
უკრაინაში იარაღის მწარმოებელი დაახლოებით 500 კომპანია მუშაობს და ჯამში თითქმის 300 000 ადამიანია დასაქმებული. სმეტანინი ამბობს, რომ ყველა მათგანი მზად არის და შეუძლია გაზარდოს წარმოება, მაგრამ მათ არ აქვთ არც საკმარისი თანხა. მისი თქმით, ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება სრულად თვითკმარი, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ომის ინტენსივობას უკრაინის წინააღმდეგ.
„ჩვენ ფინანსურად შეზღუდულები ვართ და რუსეთიც ასეა, მაგრამ ჩვენ განსხვავებული ეკონომიკური სიტუაციები გვაქვს. მათ იმაზე მეტის საშუალება აქვთ, ვიდრე ჩვენ”, – დასძინა სმეტანინმა.
ევრონიუსთან სმეტანინის ინტერვიუს შემდეგ უკრაინამ დაუშვა წვდომა კერძო კომპანიების თავდაცვის ტექნოლოგიებზე, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაშია.
ახალი წესების შესაბამისად, თუ თავდაცვის შესყიდვების სფეროში დამკვეთი მოითხოვს იარაღს იმ მოცულობით, რომელიც აღემატება სახელმწიფო საწარმოების შესაძლებლობებს, თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, საპროექტო დოკუმენტაცია შეიძლება გადაეცეს სხვა, მათ შორის კერძო მწარმოებლებს.
უკრაინის მთავარი იარაღი
სმეტანინის თქმით, უკრაინას ჰყავს ახალი თაობის იარაღის კონსტრუქტორები და მწარმოებლები. ქვეყანა უფრო ძლიერდება იმ ტექნოლოგიების წყალობით, რომლებიც მათ აქვთ.
„შეხედეთ შორ მანძილზე მოქმედ თუ სხვა სახის დრონებსა და ტექნოლოგიებს, ვინ ქმნის ამ ყველაფერს? ახალგაზრდები, ახალგაზრდა ინჟინრები, ასპირანტები და ჩვენი უკრაინული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები. ჩნდება ახალგაზრდების ახალი თაობა, რომელსაც შეუძლია განავითაროს ეს ქვეყანა ხუთ ან ათ წელიწადში“, – განაცხადა მან.
სმეტანინის თქმით, სწორედ მათი წყალობით ცვლის უკრაინა მიდგომას და უმტკიცებს ყველას, რომ მსოფლიოსაც შეუძლია უკრაინისგან რაღაცის სწავლა. ახლა უკრაინაში სულ უფრო მეტი უცხოელი მოდის. ისინი ათვალიერებენ საწარმო ობიექტებს, ინტერესდებიან ფასით. მათ უნდათ ეს ტექნოლოგიები, რადგან აქ 10-ჯერ უფრო იაფია, გარდა ამისა, ყველაფერი უკვე შემუშავებული და გამოცდილია, ამიტომ მათ აღარ დასჭირდებათ წლების განმავლობაში ლოდინი.
უკრაინა ახლა ელოდება საკუთარი წარმოების ყველაზე კომპლექსურ შეირაღებას – რაკეტებს, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებსაც ქვეყანა საერთოდ არ აწარმოებდა რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრამდე.
„ჩვენ ვაწარმოებდით მხოლოდ ერთი ტიპის, გემსაწინააღმდეგო რაკეტას და ისიც მცირე რაოდენობით. რეალურად 10 წელი დავხარჯეთ ამ რაკეტის შემუშავებაზე“, – იხსენებს სმეტანინი.
სრულმასშტაბიანი შემოჭრიდან სამი წლის შემდეგ უკრაინას უკვე აქვს საკუთარი წარმოების რაკეტები.
დეკემბერში ქვეყანამ წარმოადგინა ახალი შიდა წარმოების რაკეტა-დრონი, სახელწოდებით Peklo (უკრაინულად “ჯოჯოხეთი”). ქვეყნის არსენალში ამ უახლეს დანამატს 700 კილომეტრის დიაპაზონი აქვს და შეუძლია 700 კმ/სთ-მდე სიჩქარე განავითაროს.
2024 წლის ბოლოსთვის უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაწყებულია „პალიანიცას” რაკეტა-დრონის სერიული წარმოება და ასევე ახალი რაკეტის, სახელწოდებით „რუტას” გამოცდები.
უახლოეს მომავალში იგეგმება უკრაინული წარმოების „ნეპტუნის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტის ახალი, შორ მანძილზე მოქმედი ვერსიის წარმოებაში ჩაშვება.
„ნეპტუნი“ იარაღია, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის შემოჭრის პირველ თვეებში გამოიყენეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ „მოსკვას“ ჩასაძირად.
სმეტანინმა თავი შეიკავა იმ სხვა პროდუქტებსა და სარაკეტო პროგრამებზე საუბრისგან, რომლებზეც უკრაინული მხარე მუშაობს. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით უკრაინას მძიმე და დიდი სამუშაოს შესრულება მოუწია თავისი თავდაცვის ინდუსტრიის განსავითარებლად, თუმცა ახლა უკვე შეუძლია იარაღის წარმოება ევროპელებთან ერთად.
„ახლა ის კომპანია, რომელიც NASAMS-ს აწარმოებს, კომპლექსში უკრაინული რაკეტის ინტეგრირებას განიხილავს “, – აღნიშნა სმეტანინმა.
NASAMS, ანუ ნორვეგიული წარმოების საზენიტო სისტემა, ევროპული წარმოების მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემაა, რომელსაც 72 რაკეტის გაშვება სულ რაღაც 12 წამში შეუძლია. იგი 40 კილომეტრამდე მანძილზე თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და ფრთოსანი რაკეტების გასანეიტრალებლად გამოიყენება.
რაც შეეხება რუსეთის ყველაზე მძლავრი ბალისტიკური რაკეტებისგან თავის დაცვას, უკრაინას მხოლოდ აშშ-ს წარმოების „პატრიოტის“ სისტემები აქვს. იმის გამო რომ ვაშინგტონსა და კიევს შორის გაუგებრობა წარმოიშვა, უკრაინელებს შესაძლოა მალე ამოეწუროთ მარაგი.