„შანსები 50-50-ზეა. ჩვენ ჩვენს თამაშზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ვიყოთ თავდაჯერებულები და ყველას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ აქ გამარჯვებისთვის ჩამოვედით”, – ამის შესახებ „ლივერპული” „პსჟ”-ს განმეორებითი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა.
ხვიჩა კვარაცხელიას თქმით პირველი შეხვედრის შემდეგ, რომელიც „პარკ დე პრენსზე” „ლივერპულის” გამარჯვებით 1-0 დასრულდა, ისინი გულდაწყვეტილები იყვნენ.
„პირველი მატჩის შემდეგ ოდნავ გულდაწყვეტილები ვიყავით. მიმაჩნია, როდესაც ლივერპულთან ასე ითამაშებ და ვერ მოიგებ ეს ცოტა უსამართლოა. მეორე დღეს გასახდელში ამ მატჩს ვუყურეთ და ახლა ახლა ვაგრძელებთ მუშაობას, რომ მსგავსი თამაში ვაჩვენოთ. თუ ისეთივე ხარისხით ვითამაშებთ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ეს თამაში მოვიგოთ და ვაჩვენოთ ყველას თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ,“ – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია
პარიზული გუნდის მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს თქმით, მის გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს, შესაბამისად ისინი მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავლენ.
„ჩვენ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რისი კეთებაც ვიცით. პირველი მატჩი მეორე დღესვე გავაანალიზეთ, შემდეგ რენთან მატჩისთვის მოვემზადეთ და შემდეგ ისევ ამ საპასუხო მატჩზე გავამახვილეთ ყურადღება. ამ შეხვედრისთვის ისევე ვემზადებით, როგორც სხვა თამაშებისთვის. ხვალ კიდევ ერთხელ ვიხილავთ ევროპის ორი გამორჩეული გუნდის დაპირისპირებას. პირველი მატჩის შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, ახლა მხოლოდ ერთი გზა გვაქვს – მოედანზე გავიდეთ და მოვიგოთ. ერთი ფეხბურთელიც არ არსებობს ვისაც ხვალ ენფილდზე გასვლა და თამაში არ სურდეს. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ისეთ ლეგენდარულ სტადიონზე თამაში, როგორიც “ენფილდია“. ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა, ვაჩვენოთ თუ რა შეგვიძლია როგორც გუნდს ისე ინდივიდუალურად. რომ ჩვენ ლამაზი ფეხბურთის თამაში ძალიან ძლიერი ლივერპულის წინააღმდეგ მათივე მოედანზე შეგვიძლია. რატომაც არა! სწორედ ეს არის ჩვენი მოტივაცია და მიზანი,“ – ამბობს ლუის ენრიკე.
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „პსჟ”-ს თამაში შეაქო. სლოტის თქმით მას არ ჰგონია, რომ პირველ შეხვედრაში „ლივერპულმა” ცუდად ითამაშა. არამედ მას მიაჩნია, რომ „პსჟ“ იყო შესანიშნავი.
„ამ მატჩის შემდეგ ფინალამდე ჯერ კიდევ დიდი გზა იქნება გასავლელი. ორივე გუნდს შეუძლიათ ბოლომდე გასვლა. პსჟ უკვე დიდი ხანია ამ დონეზე თამაშობს. ეს გუნდი მიჩვეულია ასეთი მასშტაბის მატჩებს. მათ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, მაგრამ ეს ვიცოდით. სანამ ვითამაშებდით, მე მათ ბევრ თამაშს ვუყურე და მომეწონა თუ რა ინტენსივობით თამაშობენ ისინი. გუნდის ერთიანობით, ნახევარდაცვაში მოძრაობით. სრულყოფილი და კარგად გამართული გუნდია. ზოგმა თქვა, რომ ჩვენ ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები: ვფიქრობ, მათ ტამაშეს საოცრად. არ მგონია, მიმდინარე სეზონში ასეთ გუნდთან თამაში, რომელიც ასეთი ინტენსივობით თამაშობს, კიდევ მოგვიწიოს. ჩვენ კი, იმაზე კარგი გუნდი ვართ, რაც ოთხშაბათს ვაჩვენეთ. ეს კი ხვალ უნდა დავამტკიცოთ, ჩვენი გულშემატკივრების დახმარებით“, – ამბობს არნე სლოტი.