დამოუკიდებელი მედიების გლობალური ქსელი ორგანიზაცია პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი მზია ამაღლობელის მორიგ მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 4 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც ჟურნალისტი პატიმრობაში დატოვეს და მოთხოვნილია მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
„ხელისმომწერი ჟურნალისტები, რედაქციები, პრესის თავისუფლების ადვოკატები, უფლებადამცველები და მედიაორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვეტერანი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც, იანვარში დაკავების დღიდან, 5 კვირის განმავლობაში შიმშილობდა.
18 თებერვალს მზია ამაღლობელმა შიმშილობა მას შემდეგ, რაც ექიმებმა გააფრთხილეს, რომ მის სიცოცხლეს გარდაუვალი საფრთხე ემუქრებოდა“ – წერია პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის განცხადებაში.
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის განცხადებით, მზია ამაღლობელი საქართველოს ორი ყველაზე პოპულარული და პატივსაცემი ახალი ამბების პორტალების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელია, რომლებიც კორუფციისა და ძალაუფლებით ბოროტად გამოყენების ფაქტებს აშუქებენ. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელმა აჩვენა სამაგალითო სიმამაცე დემოკრატიული ღირებულებების, პრესის თავისუფლებისა, ჟურნალისტთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
ორგანიზაციის შეფასებით, ჟურნალისტის დაკავება ნაწილია დემოკრატიული პროტესტის სასტიკი ჩახშობის მცდელობებისა და გახშირებული თავდასხმებისა დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე საქართველოში. ორგანიზაციის ამ განცხადებას 5 მარტის მდგომარეობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 242 ჟურნალისტი და 97 ორგანიზაცია აწერს ხელს.
