უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს საზღვრიდან 1500 კილომეტრში მდებარე რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
ქალაქ უფაში მიტანილი იერიშის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა „ტელეგრამის“ არხებზე. საგანგებო სიტუაციების ადგილობრივმა სამსახურმა განაცხადა, რომ „წინასწარი ვერსიით, ხანძარი უკავშირდება ტექნოლოგიურ პროცესს“.
ადგილობრივი დროით, 3 მარტის დილის 9 საათისთვის საგანგებო სიტუაციების სამსახურის „ტელეგრამის” არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „ხანძარი ლიკვიდირებულია“. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კიევმა რუსეთის 109 იერიში მოიგერია. საოკუპაციო არმიამ 88 საავიაციო იერიში განახორციელა და უკრაინის ტერიტორია 126 მართვადი ავიაბომბით დაბომბა.
ამავდროულად, გრძელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშები კურსკის ოლქში, სადაც როგორც კიევი იუწყება 30 სხვადასხვა ტიპის საბრძოლო შეტაკება იყო. უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის ცნობით, საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად უკრაინას დიდი ბრიტანეთი სპეციალურ შეიარაღებას გადასცემს.
„დიდ ბრიტანეთში პრეზიდენტ ზელენსკის ხელმძღვანელობით უკრაინის დელეგაციამ სტრატეგიულ შეთანხმებას მიაღწია. ვიწყებთ ფართომასშტაბიან პროექტს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. ინიციატივის ფარგლებში ჩვენ მივიღებთ 5000-ზე მეტ სისტემასა და რაკეტას, რომლებიც ეფექტიანია ირანული წარმოების დრონების საწინააღმდეგოდ. 1.6 მილიარდი ფუნტის ღირებულების პროექტი მიზნად ისახავს 2030 წლისთვის უკრაინის საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებას“, – აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის მინისტრი გავრცელებულ განცხადებაში.
