UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ქამრის შენარჩუნების შემდეგ საქართველოში პირველად ჩამოვიდა. სხვადასხვა სასპონსორო ღონისძიების გარდა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა 14 თებერვალს თბილისში გამართა ოფიციალური პრესკონფერენცია, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მერაბ დვალიშვილმა 2025 წლის 19 იანვარს უმეტესობისთვის ფავორიტად მიჩნეული უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, მებრძოლი, რომელსაც აქამდე კარიერაში არასდროს წაუგია – 18-0. უმარ ნურმაგომედოვი ლეგენდარული მებრძოლის, UFC-ის დიდების დარბაზის წევრის, ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილია. უმარს ამ ბრძოლისთვის თავად ხაბიბ ნურმაგომედოვი ამზადებდა.
დვალიშვილის თქმით, ჩემპიონის ქამარი მისთვის ყველაფერი არ არის, თუმცა ცხადია, ვინმესთვის დათმობას არ აპირებს.
„როგორც იცით, UFC-ში წაგებით დავიწყე. რა თქმა უნდა, რთული იყო. ქამარზე მაშინ არც კი ვოცნებობდი, ბრძოლიდან ბრძოლამდე ვფიქრობდი. შონ ო’მალისაც რომ მოვუგე, მაშინაც კონკრეტულად ამ ბრძოლის მოგებაზე ვიყავი კონცენტრირებული და ქამარზე დიდად არ ვფიქრობდი. როცა ქამარი გამიკეთეს, თითქოს შოკში ვიყავი, არ მჯეროდა. ახლა, უმარს რომ მოვუგე, შეიცვალა ბევრი რამ. უკვე შემიძლია, მაშინ ვიბრძოლო, როცა მინდა და ა.შ. ქამარი ჩემთვის ყველაფერი არ არის. ცხადია, არ ვაპირებ, რომ ის ვინმეს დავუთმო. სპორტია, ცხოვრებაა, მე ბრძოლა მიყვარს – აქ, MMA-ში მაქსიმუმის გასაკეთებლად ვარ. მოკლედ, კიდევ ერთხელ: ქამარი ჩემთვის ყველაფერი არ არის. მთავარია, ბრძოლა და ამ სპორტში მაქსიმუმის გაკეთება”, -ამბობს მერაბ დვალიშვილი.