უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა ბუნებრივი აირის გადამამუშავებელ ერთ-ერთ უმსხვილეს ქარხანაზე რუსეთში, კერძოდ, ასტრახანში.
რეგიონის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. საწარმოში, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებებისთვის საჭირო გოგირდის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია, დროებით მუშაობა შეჩერდა.
თავდასხმის შედეგად ასევე ხანძარი გაჩნდა რუსეთის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ვოლგოგრადის რეგიონში. სამი დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე თავდასხმაა. იერიშის შედეგად ფრენები შეფერხდა ვოლგისა და კავკასიის რეგიონებში.
რუსეთში აცხადებენ, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 70 უკრაინული დრონი გაანეიტრალეს, მათ შორის 25 ვოლგოგრადის, 27 როსტოვის, დანარჩენი კი ასტრახანის რეგიონებში.
უკრაინელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, წინა დღით რუსების თავდასხმების შედეგად სამხრეთის ქალაქ ხერსონში დაიღუპა 1 და დაიჭრა 14 ადამიანი.
უკრაინელი სამხედროები ასევე ამბობენ, რომ რუსეთმა დრონებით მიიტანა იერიში სამგზავრო ავტობუსზე. დაშავებულია 5 მოქალაქე.