საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის წევრმა ექიმებმა, მანანა ჯებაშვილმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ვილი პაჭკორიამ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე მე-20 დღეა შიმშილობს, აქვს რამდენიმე სერიოზული ქრონიკული დაავადება, რომელიც შიმშილობასთან შეუთავსებელია.
ბრიფინგზე განაცხადეს ისიც, რომ ინფორმაციას მიაწვდიან ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ადამიანის უფლებათა მიმართულებით მუშაობს და წაიკითხეს წერილი, რომლითაც გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ვერონიკა მიშელ ბაჩელეტ ხერიას მიმართავენ.
„გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი და დროულად მოხდეს მისი გადაყვანა კლინიკაში, შემდგომი მკურნალობისა და რეაბილიტაციის თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობა შეიძლება უკიდურესად დამძიმდეს და ყველაფერი დასრულდეს ფატალურად“, – წერია წერილში. გარდა ამისა, ექიმები მოითხოვენ პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, რომელიც მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.