ლუვრში მაღალი მოდის ჩვენება იმართება, ჯეფ ბეკის გიტარები აუქციონზე გამოდის, ტიმოთი შალამე ბობ დილანად გარდაიქმნა, ტალიე ბარნეტს კი ელექტრონული მუსიკის სამყაროში გადავყავართ.
როგორც ამბობენ, იანვრის მესამე კვირის ორშაბათი წლის ყველაზე დეპრესიული დღეა, თუმცა ვინ თქვა, რომ ეს ასე უნდა იყოს. შეიძლება, შესანიშნავი მუსიკა, ხელოვნება, ფილმები და სატელევიზიო გადაცემებია სწორედ ის, რაც ჩვენ გვჭირდება და რასაც მოუთმენლად ველით.
პარიზი ნამდვილად გვანებივრებს მაღალი მოდის ჩვენებებით. დოლჩე და გაბანას კოლექცია ჯერ გრან-პალეში იყო წარმოდგენილი, ახლა კი საზოგადოებას ლუვრში სთავაზოვენ საოცარ ჩვენებას.
ისინი, ვისაც მატერიალური შესაძლებლობა აქვს და და როკ-ენ-როლის მიმართ არ არის გულგრილი, შესაძლოა დაინტერესდნენ მუსიკის ლეგენდის ჯეფ ბეკის გიტარების მომავალი აუქციონით. თუმცა აუქციონამდე ჯერ გიტარების გამოფენა გაიმართება.
დაჯილდოების სეზონი გრძელდება, მაგრამ ტყის ხანძრების გამო ჯერჯერობით გაურკვეველია, გაიმართება თუ არა ლოს-ანჯელესში ოსკარების გადაცემის ცერემონია. თუმცა ნამდვილად არ მოიწყენთ, რადგან მაყურებელს უამრავი ახალი ფილმი ელოდება, მათ შორის ბობ დილანის ბიოგრაფიული ფილმი A Complete Unknown და ჯესი აიზენბერგის კომედია A Real Pain.
დაბოლოს, აუცილებლად უნდა გირჩიოთ სიურეალისტი რეჟისორის დევიდ ლინჩის ნამუშევარი “Twin Peaks”. ეს ფილმი ნამდვილად სანახავია იანვრის მესამე ორშაბათს ანუ ლურჯ ორშაბათს. მარგარეტ ლანტერმანი, რომელიც მორების ქალად არის ცნობილი, ამბობს: „ერთ დღეს სევდა დასრულდება, თუმცა არ მგონია, ეს დღეს მოხდეს“.
ახლა კი ისიამოვნეთ ამ კვირის რეკომენდაციებით.
გამოფენები
მაღალი მოდა ლუვრში: ხელოვნება და მოდა
ლუვრი (პარიზი, საფრანგეთი)
პარიზი ბევრი რამის დედაქალაქია – საფრანგეთის, სიყვარულის, სამზარეულოსა და მოდის. თუმცა ჯერჯერობით მის ყველაზე ცნობილ მუზეუმს აქამდე არასდროს უმასპინძლია მოდისთვის. ამ ინოვაციურ ახალ გამოფენაზე წარმოდგენილია მაღალი მოდის კაშკაშა კოლექციები, მათ შორის 100-ამდე სამოსი და აქსესუარი 1960 წლიდან დღემდე. აუცილებლად სანახავია შანელის (Chanel A/W) 1996-97 წლების კოლექცია, რომელიც შთაგონებულია ჩინური შირმებით. გამოფენა 2025 წლის 24 იანვარს გაიხსნება და 21 ივლისამდე გაგრძელდება.
იაპონური სამზარეულო ლონდონში, იაპონიის სახლში, ნამდვილად გემრიელად გამოიყურება.
იაპონიის სახლი (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო)
რამენით სავსე თბილი ჯამები, ნაყინის ლამაზი ბურთულები და აქაფებული ლუდის კათხები – ეს ისაა, რასაც იაპონიაში კვების ობიექტის ჩავლისას დაინახავთ. თუმცა აქაურობა იაპონიისგან იმით განსხვავდება, რომ ეს ყველაფერი არ არის ნამდვილი. ეს შოკუჰინ სანპურუა, ჰიპერრეალისტური კერძების ბუტაფორია, რომელიც იმისთვისაა შექმნილი, რომ გამვლელს მადა აღეძრას და წარმოიდგინოს, როგორი იქნება ესა თუ ის კერძი მომზადების შემდეგ. ეს ნამდვილი ხელოვნებაა. ლონდონის იაპონური სახლი გთავაზობთ შანსს, შეიტყოთ უფრო მეტი ხელოვნური კულინარიული შედევრების ჩვენებით. გამოფენა 16 თებერვალს დასრულდება. აუცილებლად მოასწარით ამ ყველაფრის ნახვა, ვიზიტის შემდეგ კი მატჩას ჩაი დააგემოვნეთ.
ღონისძიებები
ჯეფ ბეკი: გიტარის კოლექცია
კრისტის აუქციონი (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო)
მოემზადეთ, რადგან გიტარის ლეგენდის ჯეფ ბეკის ყველაზე ცნობილი გიტარები ლონდონის კრისტის აუქციონზე გასაყიდად გადის, თუმცა აუქციონამდე ჯერ გამოფენა გაიმართება. გარდაცვლილი ბრიტანელი მუსიკოსი, როკჯგუფ Yardbirds-ის წევრი, რომელმაც მოგვიანებით Jeff Beck Group, Beck and Bogert & Appice დააარსა, ჯიმი ჰენდრიქსისა და ერიკ კლეპტონის მსგავსად, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გიტარისტად მიიჩნევა. თუ არ აპირებ დიდი თანხის დახარჯვას, შეგიძლია უბრალოდ იმ ინსტრუმენტების ყურებით დატკბე, რომლებიც მუსიკის ისტორიას ქმნიან. ბეკის 90 გიტარა მათ შორის 1954 წლის Gibson Les Paul, რომელიც გრემის მფლობელი ალბომის Blow by Blow-ის გარეკანზე იყო გამოსახული, აუქციონამდე გამოფენაზე 22 იანვრამდე იქნება გამოტანილი.
სან-მორიცის გურმანთა ფესტივალი
სან-მორიცი, შვეიცარია
შვეიცარიის ცნობილი ზამთრის კურორტი განთქმულია ალპური სათხილამურო ტრასებით, მინერალური წყლებითა და ძვირადღირებული საცხოვრებლებით – მაგრამ ის ასევე საოცნებო ადგილია გურმანებისთვის. სან-მორიცის გურმანთა ფესტივალი, რომელიც 1994 წელს დაარსდა, ყოველწლიურად სულ უფრო მეტად საინტერესო ხდება. ის აერთიანებს საუკეთესო მზარეულებსა და საკვების მწარმოებლებს მთელი მსოფლიოდან, რათა შეისწავლონ და შექმნან მომავლის საკვები. ფესტივალი 27 იანვარს დაიწყება და 1 თებერვლამდე გაგრძელდება.
ფილმები
ნამდვილი ტკივილი (A Real Pain )
ბებიის გარდაცვალების შემდეგ ებრაული წარმოშობის ამერიკელი დეიდაშვილები დეივიდი (ჯესი აიზენბერგი) და ბენჯი (კირან კალკინი) მიემგზავრებიან პოლონეთში, რათა დაადგინონ თავიანთი წარმომავლობა. ნამდვილად სულისშემძვრელი ისტორიაა, ნახავთ როგორ უმკლავდება ორი სრულიად განსხვავებული ხასიათის მქონე ადამიანი ერთად ტრავმას. ეს აიზენბერგის მეორე ფილმია, რომელიც ერთგვარად ავტობიოგრაფიულიცაა.
ტელევიზია
„ღამის აგენტი“
ნეტფლიქსი
ნეტფლიქსის 2023 წლის ყველაზე პოპულარული სერიალი, როგორც იქნა, მეორე სეზონით ბრუნდება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ხართ ჩართული, ეს არის ჩახლართული და დაძაბული კრიმინალური ტრილერი. გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი პიტერ საზერლენდი (გაბრიელ ბასო) და მისი კომპანიონი როუზი სამთავრობო კონსპირაციების ამოხსნას ცდილობენ. პირველ სეზონში საზერლენდმა პრეზიდენტი გადაარჩინა, ამჯერად კი მას დავალება აქვს, CIA-ში ჯაშუში გამოავლინოს. სერიალის ნახვა მაყურებელს 23 იანვარს შეეძლება.
Single’s Inferno
Netflix
ჯერ კიდევ იანვარია და ცოტა დამთრგუნველი გარემოა, ამიტომ საჭიროა კარგი და საინტერესო რეალითი შოუები. საბედნიეროდ, ნეტფლიქსმა ამ მხრივაც იზრუნა მაყურებელზე და კორეული რეალითი შოუ ‘Single’s Inferno’ შემოგვთავაზა. მონაწილეებს უკაცრიელ კუნძულზე გარკვეული დავალებების შესრულება უწევთ და კუნძულიდან გაქცევა მხოლოდ პარტნიორის პოვნის შემთხვევაში შეუძლიათ.
მუსიკა
FKA twigs: Eusexua
2025 წლის 24 იანვარს თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან ელექტრონული მუსიკის პოპშემსრულებლის ტალია ბარნეტის, იმავე FKA Twigs-ის ალბომს, რომელშიც სხვა ტრეკებთან ერთად შედის რამდენიმე სინგლი, მათ შორის “Drums of Death” და „Perfect Strangers“.