მთავარიაზიაისრაელიგათავისუფლებული მძევლები უკვე ისრაელში არიან

გათავისუფლებული მძევლები უკვე ისრაელში არიან

“ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული მძევალი ქალები ისრაელში თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ და ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს. მათ მადლობა გადაუხადეს ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს.

რომი გონენი, ემილი დამარი და დორონ შტაინბრეჩერი პირველი მძევლები არიან, რომლებიც „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ გაათავისუფლა.

„დორონი სახლშია, აქ არის. ეს ჯერ კიდევ არ გაგვიაზრებია“, – ამბობს დორონ შტაინბრეჩერის და, იამიტ აშკენაზი.

„მიხარია, ამას რომ ვამბობ. ემილი კარგ ხასიათზეა, ის მალე გამოჯანმრთელდება“, – ამბობს ემილი დამარის დედა, მენდი დამარი.

„როგორც იქნა, შემიძლია მას ყოფილი მძევალი ვუწოდო“, – ამბობს რომი გონენის დედა, მეირავ ლეშემ გონენი.

სამმა ქალმა „ჰამასის“ ტყვეობაში 15 თვე გაატარა მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე თავდასხმის დროს ტყვედ აიყვანეს.

ოჯახის წევრებმა მადლობა გადაუხადეს ისრაელის მთავრობას, აგრეთვე, კატარსა და ეგვიპტეს შუამავლობისთვის. ასევე აშშ-ის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს.

„ჩვენ ძალიან დიდი ხნის შემდეგ მოვედით აქამდე და დონალდ ტრამპის ჩართულობის გარეშე ეს არ მოხდებოდა“, – ამბობს იამიტ აშკენაზი.

„ჩვენ, აგრეთვე, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ისრაელის გვერდით მამაცად დგომისთვის და მსოფლიოში სიკეთის გაძლიერებისთვის“, – ამბობს მეირავ ლეშემ გონენი.

გათავისუფლებული მძევლების ოჯახის წევრების თქმით, ისინი თავს კარგად გრძნობენ, თუმცა გამოჯანმრთელებამდე გრძელი გზა აქვთ გასავლელი.

მათ მოუწოდეს იმ მძევლების ოჯახებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ გაუთავისუფლებიათ, განაგრძონ პროტესტი, რათა მთავრობამ მეტი იმუშაოს ისრაელელების სამშობლოში დასაბრუნებლად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend