მთავარიამერიკააშშვაშინგტონში წინასაინაუგურაციო სამზადისია

ვაშინგტონში წინასაინაუგურაციო სამზადისია

„ამერიკის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე დიდ ოპერაციას დავიწყებთ“ - ტრამპის წინასაინაუგურაციო გზავნილები

ვაშინგტონში აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან. ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი.

4 წლის შემდეგ, დონალდ ტრამპი ვაშინგტონში პრეზიდენტის რანგში ჩავიდა. მან ხელისუფლებაში დაბრუნება ოჯახის წევრებთან, თანაგუნდელებთან და ამომრჩევლებთან ერთად აღნიშნა. სწორედ იქ მიმართა ამომრჩევლებს სიტყვით, საპრეზიდენტო ფიცის მეორედ დადებამდე.

დონალდ ტრამპი პრეზიდენტის ფიცს დღეს, 20 იანვარს დადებს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მეორე ვადით გახდება. ვ

აშინგტონში წინასაინაუგურაციო შეკრებაზე მისი სიტყვა წინასაარჩევნო კამპანიას ჰგავდა. მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და პირობა დადო, რომ რომ წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, მისი მმართველობა არ იქნება წარუმატებელი და კორუმპირებული.

„მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი ამდენ მეგობართან, მხარდამჭერთან და ნამდვილ ამერიკელ პატრიოტებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის დაბრუნების წინა დღეს. ჩვენ სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ. დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. ხვალ შუადღისას, ამერიკის წარუმატებელ ოთხწლიან პერიოდის ფარდა დაიხურება. ჩვენ ამერიკული სიძლიერის, კეთილდღეობის, ღირსებისა და სიამაყის ახალ ეტაპს ვიწყებთ. ერთხელ და სამუდამოდ დავიბრუნებთ ამ ყველაფერს. ჩვენ ვაპირებთ ვაშინგტონში დავასრულოთ წარუმატებელი და კორუმპირებული პოლიტიკური მმართველობა“, – უთხრა ტრამპმა მოქალაქეებს.

ინაუგურაციამდე ამომრჩევლებთან შეკრებისას დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის ის მთავარი გზავნილები გაიმეორა, რომლებზეც წინასაარჩევნო კამპანიისას საუბრობდა.

ასეთი საკითხია მაგალითად, მიგრაცია. რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველი, ტრამპის განცხადებას მასობრივ დეპორტაციის გეგმებთან დაკავშირებით ოვაციებით შეხვდა.

„ესენი არიან კრიმინალები მთელი მსოფლიოდან. იცით რატომ? იმიტომ, რომ მათ თავიანთი დამნაშავეები ამერიკის შეერთებულ შტატებში შემოიყვანეს. შეხედეთ ვენესუელას, მათ თავიანთი ციხეები ჩვენი ქვეყნის ხარჯზე დაცარიელეს. შეხედეთ კაცებს, რომლებიც ქალთა სპორტში ასპარეზობენ. ტრანსგენდერები. სულ მალე ჩვენ ამერიკის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე დიდ ოპერაციას დავიწყებთ“ – თქვა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის ინაგურაცია ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში შუადღით დაიწყება.

ამინდის გაუარესების გამო, ინაგურაციის ორგანიზატორებმა გარე ღონისძიებების უმეტესობა, მათ შორის პრეზიდენტისა და ვიცე პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია, რომელიც ტრადიციულად აშშ-ის კაპიტოლიუმის კიბეებზე ტარდება, შიდა სივრცეში გადაიტანეს.

პრეზიდენტის ინაუგურაციები შეერთებული შტატებისთვის განსაკუთრებული მოვლენაა. აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციების ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, რომლებიც დღემდე ყველას ახსოვს.

მაგალითად 1953 წელს პრეზიდენტ დუაიტ . ეიზენჰაუერის ინაუგურაციაზე, პრეზიდენტი როდეოს მხედარმა და მსახიობმა მონტი მონტანამ თოკით გაკოჭა. მიუხედავად იმისა რომ მსახიობის ქმედების შესახებ პრეზიდენტმა წინასწარ იცოდა, შეკრებილი საზოგადოებისთვის ეს შოკისმომგვრელი იყო.

1977 წელს, პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ინაუგურაციაზე, პენსილვანიის გამზირზე გიგანტური არაქისი გამოიტანეს, რადგან პრეზიდენტი კარტერი არაქისის ფერმერების ოჯახიდან იყო.

2009 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას პირველ ინაუგურაციაზე, პრეზიდენტს ფიცის ტექსტი აერია. ამავე ღონისძიებაზე ფიცის ნაწილი მოსამართლე ჯონ რობერტსაც შეეშალა.

2021 წელს კი, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე, ყველას სენატორ ბერნი სანდერსი დაამახსოვრდა თავისი თბილი და ფერადი ხელთათმანებით, რომლებიც გადამუშავებული ჯემპრებისგან იყო დამზადებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend