მთავარისაქართველოსაქართველოს პრეზიდენტის მიმართვა

საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მას 22 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე სიტყვის მიკროფონით დასრულების საშუალება არ მიეცა. მისი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მას სიტყვით გამოსვლისას სხვადასხვა მეთოდით შეუშალა ხელი და ამის გამო აქციაზე შეკრებილ ხალხს სათქმელი სრულად ვერ გადასცა.

ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა კვლავ მოუწოდა „ქართულ ოცნებასა“ და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ჩაერთონ დიალოგში, შეხვდეს მას და მხარეებს.

„დიალოგი ჩემთან უნდა იყოს, როგორც მედიატორთან და იმასთან, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში და აკვირდებოდა მას. მეორე მხარესაა ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ დანიშნული რამდენიმე წარმომადგენელი. მარტოც რომ მოვიდეს, არა უშავს, მეც ვიქნები მაშინ მარტო. ამისთვის ძალიან ცოტა დროა, ეს კრიზისი აღარ ითმენს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზეც, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი შეხვედრაზე უარს იტყვის. მისი თქმით, თუ კომპრომისს ვერ მიაღწევენ, არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით მაინც მივლენ.

„რეჟიმის ჩამოშლა, ეს არის ალტერნატივა, ან დიალოგი, კომპრომისი, დათმობა. ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც „ქართული ოცნება“ თვლის. საჭიროა დათმობა და რაღაცების აღიარება. ეს რეჟიმი თავისით იშლება. არავის ხელი ურევია. ეს არის თქვენი ხელი, ვინც ხართ ძალაუფლებაში იმიტომ, რომ დროზე ვერ მოხვედით გონს“.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ერთგულია საქართველოს ჯარის, ქვეყნის, ხალხისა და კონსტიტუციის. მან ასევე მიმართა ხალხს, რომელიც „ზამთრის ცივი ღამეების“ მიუხედავად საპროტესტო აქციაზე დგას.

„თქვენი გამოსვლა რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა მოედანსა და ქალაქში, არის უზარმაზარი ნიშანი, რომ საქართველო არასოდეს ეგუება და არასოდეს თმობს, როცა მართალია. დღეს მართალია საქართველო და მართალი ხართ თქვენ, ვინც აქ დგახართ!“

პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ ქვეყანაში არეულობა არავის სურს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან ვითარების დაძაბვის არაერთი მცდელობა იყო, თუმცა ამის მიუხედავად, სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება.

„გვაშინებდნენ გარე ომის საფრთხით. ახლა უნდათ, რომ დაგვაშინონ შიდა ომით. არც ერთი გამოვა და არც მეორე. ეს ქვეყანა წავა თავისი გზით მშვიდობიანად”.

რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდება 29 დეკემბერს და მას შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას არ ეშინია და არც დაცვა სჭირდება.

„ვნახოთ, სად ვიქნები 29-ის შემდეგ, მაგრამ ვიქნები ის, ვინც ვარ – პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, დატვირთვითა და დამოუკიდებლობით. ეს პრეზიდენტი იქნება თქვენი მსახური!”

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend