მთავარიამერიკააშშაშშ-ში დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი მოსახლეობასთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში ერთვებიან

აშშ-ში დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი მოსახლეობასთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში ერთვებიან

აშშ-ში საარჩევნო კამპანია გრძელდება. არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება და მანამდე პრეზიდენტობის კანდიდატები მოსახლეობას სხვადასხვა შტატში ხვდებიან. ისინი მოქალაქეებთან ერთად მათ ყოველდღიურ აქტივობებში ერთვებიან.

ჯორჯიას შტატის ქალაქ ატლანტაში დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ეკლესიაში მორწმუნეებს მიმართა. მან შავკანიან მრევლს ეროვნულ კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდა და სთხოვა, აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე.

კამალა ჰარისმა შეხვედრა გამართა ბაპტისტურ ეკლესიაშიც, სადაც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ვარდისფერი ტანსაცმლით გამოწყობილი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

„ახლა ჩვენი ქვეყანა გზაჯვარედინთან დგას და საით წავალთ ჩვენი, როგორც ამერიკელების და როგორც მორწმუნეების, გადასაწყვეტია. ჩვენ უნდა დავსვათ შეკითხვა: როგორ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა? ქაოსის, შიშისა და სიძულვილის ქვეყანაში თუ თავისუფლების, სამართლიანობისა და თანაგრძნობის. დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების უპირატესობა ისაა, რომ კითხვაზე პასუხის გაცემა ჩვენი ძალებით შეგვიძლია. სწორედ ამიტომ, კითხვას ვუპასუხოთ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ჩვენი მოქმედებითა და არჩევნებზე ხმის მიცემით“, – აცხადებს კამალა ჰარისი.

საარჩევნო კამპანიას აწარმოებს პენსილვანიის შტატში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპიც. ის მაკდონალდსის ერთ-ერთ სადგურში თანამშრომლებს შეუერთდა და მათთან ერთად იმუშავა. მან ისწავლა კარტოფილი ფრის დამზადება და მომხმარებლებსაც მოემსახურა.

მაკდონალდსშივე გამართა პრესკონფერენცია და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ტრამპმა ეს კამპანია მას შემდეგ წამოიწყო, რაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე აღნიშნა, რომ კამალა ჰარისს კოლეჯში ყოფნისას სწრაფი კვების ობიექტებში არასდროს უმუშავია.

„მიყვარს მაკდონალდსი. მიყვარს სამსახურები. კამალა ჰარისმა თავის რეზიუმეში დიდი ადგილი დაუთმო მაკდონალდსში მუშაობას. მან ისაუბრა, თუ როგორი რთული იყო აქ მუშაობა. აღწერა, როგორ ამზადებდა კარტოფილ ფრის. ისაუბრა სიცხეზე, რომლის ატანაც უჭირდა. მას არასდროს უმუშავია მაკდონალდსში. მაკდონალდსმა ეს დაადასტურა, რომ კამალა ჰარისს არასდროს უმუშავია მაკდონალდსში. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ის მატყუარა კამალაა“, – ამბობს დონალდ ტრამპი.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 5 ნოემბერს ჩატარდება. რამდენიმე შტატში ხმის მიცემის ადრეული პროცესი უკვე დაიწყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend