ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღისთვის მზადებასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გატარებას განაგრძობს.
9 ოქტომბრის ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით, ისრაელის სახელმწიფოში, ქალაქ თელ-ავივთან მდებარე ერთ-ერთი საარჩევნო უბანი იხურება. მისი თქმით, აღნიშნული გამოწვეულია ისრაელში მიმდინარე საომარი კონფლიქტით, რამაც, შესაძლოა, როგორც ამომრჩეველს, ისე საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს რისკი შეუქმნას.
„საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 ოქტომბერს წერილობით მოგვმართა, სადაც არის ინფორმაცია იმ გარემოებებისა და რისკების შესახებ, რომელიც უკავშირდება ისრაელში, თელ-ავივში ქალაქ რამათ განში შექმნილ საარჩევნო უბანთან დაკავშირებულ საკითხებს. აღწერილია ყველა ის გარემოება, რომელიც შესაძლოა, საყურადღებო იყოს კომისიისთვის საარჩევნო უბნის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ამის თაობაზე უახლოეს სხდომაზე გვექნება სათანადო მსჯელობა და კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკო საქართველოს მოქალაქეებისთვის 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანს ხსნის. ხუთ სახელმწიფოში კენჭისყრის დღისთვის უბნები პირველად გაიხსნება, ეს ქვეყნებია: ფინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია და არაბთა გაერთიანებული საამიროები.