მთავარისაქართველოანტიკორუფციული ბიურო: “ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ”

ანტიკორუფციული ბიურო: “ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ”

“ანტიკორუფციული ბიუროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ პოლიტიკური პარტიები, კერძოდ: „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის, „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ „ელენე ხოშტარია-დროა“ და „ახალი ერთობა – გვარამია, მელია“ – დაფინანსებას, სრულად ან ნაწილობრივ, არ ასაჯაროებენ.

ამავდროულად, მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც თავის მხრივ თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

აღნიშნული სქემით, უცხოური ფულით პოლიტიკური პარტიებისა და პროცესების მხარდაჭერა წარმოადგენს საფრთხეს სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის.

ასევე, ორგანიზაცია “თავისუფლების მოედანმა” ღიად გააკეთა პოლიტიკური გზავნილები, აქედან გამომდინარე, ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძესა და ორგანიზაციის 24 წევრს ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დაავალა.

საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან, აგრეთვე, საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან.

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 11 აპრილს, ა(ა)იპ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ და ლევან ცუცქირიძემ დააფუძნეს ორგანიზაცია „თავისუფლების მოედანი-საქართველო“, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტებში იკვეთება პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული მიზანი.

ასევე, 2024 წლის პირველ ივლისს, ლევან ცუცქირიძის და ა(ა)იპ „თავისუფლების მოედანი-საქართველოს“ ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება, სადაც ამავე ორგანიზაციის დამფუძნებლებმა და წევრებმა განაცხადეს საარჩევნო მიზნების შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ა(ა)იპ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ თანამშრომლები, ისე მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ წევრები.

მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ აღნიშნულ სუბიექტებს თავად აქვთ საჯაროდ გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი არ ასრულებენ კანონის მოთხოვნებს, არ არეგისტრირებენ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ საქმიანობას ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით.

შესაბამისად, არ არის უზრუნველყოფილი მათი ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობა.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მოძრაობა „თავისუფლების მოედანს“, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრს მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“, ამ ორგანიზაციების თავმჯდომარეს, ლევან ცუცქირიძესა და მოძრაობის 24 წევრს დაევალოთ ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. რაც გულისხმობს, რომ ისინი ვალდებულნი არიან ანტიკორუფციულ ბიუროს კანონით დადგენილი წესით, წარმოუდგინონ ფინანსური ანგარიშები, რის საჯაროობასაც უზრუნველყოფს ანტიკორუფციული ბიურო“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend