მთავარიაზიაბანგლადეშიბანგლადეშში ახალგაზრდები ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ელიან

ბანგლადეშში ახალგაზრდები ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ელიან

ბანგლადეშში კვლავ დაძაბულობაა. დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, ახალგაზრდები იმედოვნებენ, რომ ქვეყანაში მალე ვადამდელი არჩევნები გამოცხადდება, თუმცა უცნობია თარიღი და ის, თუ რამდენი ხნით დარჩება ძალაუფლება ნობელის პრემიის ლაურეატის, მოჰამედ იუნუსის მთავრობის ხელში.

ბანგლადეშის ახალგაზრდა თაობის დიდ ნაწილს არც კი ახსოვს დრო, როდესაც შეიხ ჰასინა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არ იყო. სწორედ ეს თაობა ედგა სათავეში იმ საპროტესტო აქციებს, რომელთა გამოც ჰასინას გადადგომა და ქვეყნის დატოვება მოუწია.

სტუდენტები ბანგლადეშის ქუჩებში თავდაპირველად ივნისში გამოვიდნენ და საჯარო სამსახურში კვოტირების სისტემის გაუქმებას ითხოვდნენ, რომლის თანახმადაც სამთავრობო თანამდებობების 30% ბანგლადეშის დამოუკიდებლობის ომში მონაწილე ვეტერანების ოჯახებზე ნაწილდებოდა. შედეგად, საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მხოლოდ 44%-ი იწყებდა მუშაობას შესაბამისი კვალიფიკაციის და დამსახურების გამო.

,,ყველა კვოტირების სისტემას აპროტესტებდა. ბევრი ხალხი იყო, მაგრამ ეს მშვიდობიანი დემონსტრაციები იყო. პრემიერ-მინისტრმა კი ომის დამნაშავეები გვიწოდა. ამის გამო გაძლიერდა საპროტესტო ტალღა.

ამ მდგომარეობამდე იმიტომ მოვედით, რომ სახელმწიფომ ვერ იგრძნო სტუდენტების გულისცემა. რამდენჯერაც მიეცათ ჩვენთან საუბრის შესაძლებლობა, უკან დაიხიეს. როდესაც სახელმწიფო სტუდენტებს ტყვიებს უმიზნებს, ის კარგავს ლეგიტიმაციას.

რა გვსურს ახლა? ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც იქნება მშვიდობა და რეფორმები. სახელმწიფო ინსტიტუტები ძალიან მნიშვნელოვანია. არ გვინდა ძალადობა და ბრმა კომუნალიზმი“, – ამბობს დაკას უნივერსიტეტის სტუდენტი, ნოურინ სულთანა ტომა.

შემთხვევით არ არის, რომ სწორედ საჯარო სამსახურის თანამდებობებზე დავა აღმოჩნდა საპროტესტო ტალღის ცენტრში. ეს თანამდებობები ქვეყანაში ყველაზე სტაბილური და მაღალანაზღაურებადია.

სტუდენტების მოთხოვნები დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენია ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰასინამ, რომელმაც რიტორიკული კითხვა დასვა – ვის უნდა ერგოს სახელმწიფო თანამდებობები თუ არა თავისუფლებისთვის მებრძოლებს?

მომდევნო დღეს საპროტესტო ტალღა სტუდენტებსა და სახელმწიფოს შორის ძალადობრივ დაპირისპირებად იქცა. ქვეყანაში განგაში გამოცხადდა, გაითიშა ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი.

,,ამ თაობას ნაკლები კავშირი აქვს დამოუკიდებლობის ნარატივთან, რომელზეც საუბრობდა შეიხ ჰასინა. შესაძლოა მათი ბებიები და ბაბუები მონაწილეობდნენ დამოუკიდებლობის მოძრაობაში, მაგრამ თავად შორს არიან ამ ისტორიული ნარატივისგან, რომელსაც ყველა პოლიტიკური პარტია მუდმივად იყენებს. ასე რომ, ეს ისტორია აღარ ეხმიანება ახალგაზრდებს, მათ სურთ რაღაც ახალი“, – ამბობს საბრინა კარიმი, კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი.

კვლევების თანახმად, ბანგლადეშში 18 მილიონი ახალგაზრდა უმუშევარია და არც განათლებას იღებს.

ღირსეული სამუშაოს პოვნის იმედით, ახალგაზრდები სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას ცდილობენ. შედეგად, ბანგლადეში კარგავს საშუალო ფენას.

სტუდენტების უმრავლესობა იტოვებს იმედს, რომ დროებითი მთავრობა მიიღებს შესაბამის რეფორმებს და შეიქმნება ახალი პოლიტიკური ძალა.

მოსალოდნელია, რომ იუნუსის მთავრობა ვადამდელ არჩევნებს გამოაცხადებს, თუმცა უცნობია თარიღი და ისიც, თუ რამდენ ხანს სურთ მათ ხელისუფლებაში დარჩენა.

ბოლო მონაცემებით, სტუდენტებსა და სახელმწიფოს შორის ძალადობრივი შეტაკებების შედეგად დაიღუპა 300-ზე მეტი ადამიანი, UNICEF-ის თანახმად მათ შორის სულ მცირე 32 არასრულწლოვანია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend