ბანგლადეშის ხელისუფლების ცნობით, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ბორანზე გადასვლისას ავტობუსი, რომელშიც დაახლოებით 50 ადამიანი იმყოფებოდა, მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც, ბოლო ინფორმაციით, 18 ადამიანი დაიღუპა.
ავტობუსი მდინარე პადმაში, რომელიც დედაქალაქ დაკიდან 84 კილომეტრში მდებარეობს, 25 მარტს საღამოს ჩავარდა.
ავტობუსი დედაქალაქისკენ სამხრეთ-დასავლეთ კუშტიის რაიონიდან მიემგზავრებოდა. ხალხი ისლამური დღესასწაულის, ეიდ ალ-ფითრის შემდეგ სამსახურებში ბრუნდებოდა.
ინცდიდენტისას მგზავრების ნაწილმა შეძლო უსაფრთხო ადგილამდე მიეცურა, თუმცა სხვებმა ვერ მოახერხეს გამოსვლა.
„ავტობუსი, სახელწოდებით „შოუჰარდო“, კუმარხალიდან დაკაში მიემგზავრებოდა. ბორანზე ასვლისას, როგორც ჩანს, მან კონტროლი დაკარგა და პირდაპირ მდინარეში ჩავარდა“. - განაცხადა ფარიდპურის სახანძრო სამსახურისა და სამოქალაქო თავდაცვის დირექტორის თანაშემწემ, ბელალ უდინიმ.
მისი თქმით, ძლიერმა დინებამ და წვიმამ ღამის სამაშველო ოპერაციები შეაფერხა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, არის თუ არა ვინმე დაკარგული.
სახანძრო სამსახურისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, დაღუპულთა შორის ათი ქალი და ორი ბავშვია.
