მთავარიევროპაუკრაინააშშ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

აშშ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

უკრაინაში ფრონტის ხაზი გაფართოვდა. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა ფრონტის სხვა უბნებზე შემცირებულია, გარკვეულ მიმართულებაზე კრემლი სამხედრო იერიშებს მეტად ააქტიურებს. ყველაზე ხშირად საბრძოლო მოქმედებები დონეცკისა და ხარკივის ოლქებშია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, კრემლი ხარკივს ძირითადად ავიაციით უტევს. დასახლება ვოვჩანსკის ფლანგზე 8 სხვადასხვა ინტენსივობის საბრძოლო დაპირისპირება იყო. აღმოსავლეთის ფლანგზე კი, ბახმუტთან, დასახლება ტორეცკის მიმართულებით 32, ხოლო პოკროვსკის მიმართულებით 51 იერიში მოიგერიეს უკრაინელებმა. ამის შესახებ უკრაინის ჯარების მთავარსარდალი, გენერალი ოლექსანდრ სირსკი საუბრობს.

„ყველგან სხვადასხვა ინტენსივობის სასტიკი ბრძოლაა. ორი კვირისწინანდელი ვითარება შეიცვალა და დაგვემატა ტორეცკის მიმართულება, სადაც 95-ე საჰაერო სადესანტო მოიერიშე ბრიგადის ჯარისკაცები ყოველდღიურად, გმირულად მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევენ ოკუპანტებს. რთული ვითარებაა პოკროვსკის მიმართულებით. მტერმა, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენი თავდაცვის გარღვევას, საბრძოლო ეფექტურობის დაკარგვის გამო კიდევ ერთხელ შეცვალა დამრტყმელი ნაწილები და განაგრძო შეტევითი ოპერაციები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დანაყოფები გავაძლიერეთ რეზერვებით, ეს მიმართულება მეტ ყურადღებას, დამატებით საბრძოლო მასალასა და საცეცხლე საშუალებებს მოითხოვს“, – აღნიშნავს გენერალი სირსკი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, მხოლოდ ერთ დღეში 158 საბრძოლო დაპირისპირება იყო. რუსმა ოკუპანტებმა ორი სარაკეტო და 45 საავიაციო იერიში მიიტანეს, კრემლმა 67 მართვადი ბომბი გამოიყენა. გარდა ამისა, უკრაინის არმიის პოზიციები ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით 81-ჯერ დაიბომბა. პენტაგონში აღნიშნავენ, რომ დამატებითი შეიარაღება უკრაინის არმიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

აშშ-ში იმყოფება უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. იგი აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს, უკვე შეხვდა. შეხვედრიდან ცნობილი გახდა, რომ აშშ მალე უკრაინისთვის 2.3 მილიარდი დოლარის ღირებულების თავდაცვის ახალ პაკეტს გამოყოფს. პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, გამანადგურებელ, გზაგადამჭრელ ავიაციასა და საბრძოლო მასალას Patriot-ისა და სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.

„ახლა უკრაინა სასტიკ ბრძოლაშია ჩართული. კრემლი აგრძელებს თქვენი ქალაქებისა და მოქალაქეების ინტენსიურ დაბომბვას. მე აღფრთოვანებული ვარ თქვენი სამხედროების შეუპოვრობით. თქვენი სამხედროები უკუაგდებენ რუსულ იერიშებს დიდი სიმტკიცით, მონდომებითა და გამბედაობით. ამაყი ვარ, რომ აშშ მალე დახმარების ახალ, 2.3-მილიარდიან პაკეტს გამოყოფს უკრაინისთვის. ეს ახალი პაკეტი გულისხმობს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მეტ საშუალებას, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა და სხვა კრიტიკულ საშუალებებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს ასევე შესაძლებლობას მისცემს ამერიკის შეერთებულ შტატებს, შეიძინოს „ნასამსის“ საჰაერო თავდაცვის უფრო მეტი სისტემა, რომლებიც მაშინვე მიეწოდება უკრაინას“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრისას.

დახმარების ახალი პაკეტიდან 150 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღება აშშ-ის მარაგებიდან უკრაინაში დაჩქარებული წესით გაიგზავნება. როგორც პენტაგონში აღნიშნავენ, კრემლი ცდილობს, ისარგებლოს და მეტი ტერიტორია დაიკავოს, სანამ უკრაინა დასავლურ შეიარაღებას მიიღებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend