მთავარისაქართველოტურიზმი და მოლოდინი…

ტურიზმი და მოლოდინი…

ტურისტული სეზონი დაიწყო, მასპინძელთა მოლოდინები კი განსხვავებულია… ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ზაფხული საკმაოდ დატვირთული და წარმატებული იქნება.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აღნიშნავს, რომ იმ 15 ქვეყანაში, საიდანაც ტურისტები საქართველოში ყველაზე ხშირად ჩამოდიან მეზობელ ქვეყნებთან ერთად, სპარსეთის ყურისა და ევროკავშირის ქვეყნები, მაგალითად, გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი შედიან.

„იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემი ძალიან პოზიტიური იყო როგორც შემოსავლების, ისე ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით, ეს შედეგი იძლევა შესაძლებლობას, რომ გვქონდეს მოლოდინი და ვივარაუდოთ, რომ მეორე კვარტალი, მთლიანად ზაფხულის სეზონი და ზოგადად, წლის ბოლომდე ტენდენცია ტურიზმის ინდუსტრიაში ძალიან პოზიტიური იქნება“, – ამბობს მაია ომიაძე.

“რესტორატორთა ასოციაციაში“ კი ფიქრობენ, რომ წელს ტურისტული სეზონი მოლოდინს ვერ გაამართლებს. ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ 2024 წლის ტურისტული სეზონი საქართველოსთვის ძალიან წარმატებული უნდა ყოფილიყო, თუმცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ ბევრი რამ შეცვალა.

„რიგი ჯავშნებისა გაუქმდა, ახალი ჯავშნების მოლოდინი კი ძალიან დაბალია. შესაბამისად, სამწუხაროდ, ეს წელი მოლოდინს ვერ გაამართლებს.

ტურისტებს ძირითადად აზიის, სპარსეთის ყურისა და ევროპის ქვეყნებიდან ველოდით. ევროპის ქვეყნები თითქმის საერთო რაოდენობის 5%-ამდე ჩამოვიდა. დღეს ტურისტული მოლოდინი აჭარის მიმართულებით რჩება და ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, თურქეთს, სომხეთსა და რუსეთს უკავშირდება“, – აღნიშნავს შოთა ბურჯანაძე.

გარდა ჯავშნების გაუქმებისა, შესამჩნევია სხვა ტენდენციებიც. მაგალითად, ისრაელიდან ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობის შემცირება.

„ეს დანაკლისი შესამჩნევია. ისრაელიდან ტურისტთა რაოდენობას რეგიონში არსებული ვითარება დაეტყო… წინა წლებთან შედარებით ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ შესამჩნევად იკლო. ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ აღარ ჩამოდიან, თუმცა, რა თქმა უნდა, ნაკლები რაოდენობით“, – ამბობს გიდი და Tbilisi Free Walking Tours-ის დამფუძნებელი ლევან გიორგაძე.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთიდან ჩამოვიდა. შარშან მეორე ადგილს თურქეთი, მესამეს კი, სომხეთი იკავებდა. 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ვიზიტორთა პირველ სამეულში კვლავ თურქეთი, რუსეთი და სომხეთი რჩებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend