სლოვაკეთის მოქალაქეებმა უკრაინის არმიისთვის 4 მილიონი ევრო შეაგროვეს. მთავრობის პრორუსული პოზიციის ფონზე ქვეყანაში ფულს ერთი თვის განმავლობაში აგროვებდნენ უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად. ევრონიუსი შეხვდა თანხის შეგროვების ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორს, რომელმაც აღნიშნა, რომ ინიციატორთაგან ბევრი სლოვაკეთის მთავრობის პოლიტიკას უკრაინის მიმართ არ ეთანხმება.
„ზოგიერთ ინტერვიუში ჩანს, რომ მთავრობა ჩვენს ინიციატივას ირონიულად უყურებს და ამბობს, რომ ეს არაფერია. ისინი ამ ქვეყნის ოფიციალური ლიდერები არიან, ამიტომ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ დემოკრატიაში ვცხოვრობთ და ერთ სახელმწიფოს წარმოვადგენთ. მთავრობას არ აქვს დახმარების სურვილი, მაგრამ აქ მცხოვრებ ადამიანებს უკრაინის დახმარება უნდათ“, – ამბობს ლუსია სტასელოვა, ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი.
თანხის შეგროვებაში მონაწილეობდა სლოვაკი პუბლიცისტი და ჟურნალისტი, მარტინ შიმეჩკაც. ის აღნიშნავს, რომ შემოწირულება შესანიშნავი გზაა იმისთვის, რომ სლოვაკეთის მოსახლეობამ ომში ჩართული უკრაინის დახმარება შეძლოს: „ხალხი ხელისუფლებაზე განაწყენებულია. ფულის შეგროვება ხმის ამაღლებისა და იმის დამტკიცების საშუალება იყო, რომ ხალხი უკრაინის გვერდითაა და მთავრობას არ ეთანხმება. პირიქით რომ ყოფილიყო და პროუკრაინული მთავრობა გვყოლოდა, მოქალაქეების მიერ თანხის შეგროვება საჭირო არ იქნებოდა“.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა, მარტის ბოლოს განაცხადა, რომ სლოვაკეთი უკრაინას იარაღს აღარ გაუგზავნიდა, რადგან კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის პერსპექტივა არ არსებობდა. მაშინ სლოვაკეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ იარაღის ნაცვლად უპირატესობა ჰუმანიტარული დახმარებისთვის მიენიჭებინათ. სლოვაკეთში უკრაინის არმიისთვის ფულის შეგროვების ინიციატორების თქმით, ძალიან ბევრი სლოვაკი ფიქრობს, რომ მთავრობის პრორუსული პოზიცია სამარცხვინოა. უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობით დახმარების ინიციატივას ისინი მხარს სწორედ ამ მიზეზით უჭერენ.