მთავარიაზიაღაზაისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე უარი განაცხადა

ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე უარი განაცხადა

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ისრაელმა უარი განაცხადა. ისრაელის ოფიციალური პირები შეთანხმების შინაარსს აკრიტიკებდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ მისი შინაარსი ზედმეტად შერბილებულია და არ არის თანხვედრაში ისრაელის ძირითადი მოთხოვნებთან.

შეთანხმების დეტალები არ გასაჯაროებულა, თუმცა ცნობილია, რომ ერთ-ერთი პუნქტი ისრაელელი მძევლებისა და პალესტინელი ტყვეების გაცვლას ითვალისწინებდა. ასევე, შეთანხმების შედეგად ისრაელს ღაზიდან სამხედროები უნდა გაეყვანა.

მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ შეთანხმებას დათანხმდა, პალესტინელი მოსახლეობა რაფაჰის ქუჩებში გამოვიდა.

Abdel Kareem Hana/Copyright 2024

„გულწრფელად რომ ვთქვა, ბოლომდე არ მჯერა. ეს სიხარულის არაბუნებრივი განცდაა. არ ვიცი როგორ აღვწერო ჩემი გრძნობა. არაჩვეულებრივია. ალაჰის ნებით, ყველაფერი კარგად იქნება,” – ამბობს მუსტაფა ელიანი, რომელიც რაფაჰშო ქუჩაში გამოვიდა.

თუმცა მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დათანხმდა, ისრაელმა „ჰამასის“ დაჯგუფებების წინააღმდეგ საჰაერო იერიში მიიტანა. რამდენიმე საათით ადრე ისრაელის თავდაცვის ძალებმა 100 000 პალესტინელს ტერიტორიის ევაკუაციისკენ მოუწოდა.

ისრაელის სამხედროების განცხადებით, ისრაელი გააგრძელებს სრულმასშტაბიან სახმელეთო შეტევას რაფაჰზე, რათა გაანადგუროს „ჰამასის“ ბატალიონები. ისრაელის ამ გეგმებს კი საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა.

„ევაკუაციის ბრძანების გამოცხადება რაფაჰში მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობას ხოლოდ გააუარესებს. მათ ეუბნებიან, რომ ალ-მასრიში გადავიდნენ, მაგრამ იქ უკვე ისედაც ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებსაც რესურსები არ ჰყოფნით. ასეთი მასშტაბის ევაკუაციის განხორციელება უსაფრთხოდ შეუძლებელია, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა სტეფან დიუჟარიკმა.

ისრაელის დედაქალაქში კი საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრანტების მიზანია აიძულონ მთავრობას, რომ ისრაელმა მძევლები სამშობლოში რაც შეიძლება მალე დააბრუნოს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის შემდგომი მოლაპარაკებებისთვის დელეგაციას კვლავ გაგზავნის, რომ ისეთ შეთანხმებას მიაღწიონ, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend