მთავარიევროპაუკრაინა„რუსებს სტრატეგიული მიზნების მისაღწევად რესურსები არ ჰყოფნით“ - გენერალი კავოლი

„რუსებს სტრატეგიული მიზნების მისაღწევად რესურსები არ ჰყოფნით“ – გენერალი კავოლი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მასშტაბური იერიში მიიტანეს ანექსირებულ ყირიმში მდებარე ბელბეკის ავიაბაზაზე. ამ იერიშზე სოციალურ ქსელებში საუბრობენ როგორც რუსი, ასევე უკრაინელი სამხედრო ბლოგერები, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად არც კიევს და არც კრემლს არ დაუდასტურებია. მოგვიანებით სააგენტო „ესოშეიტედ პრესმა“ გაავრცელა სატელიტური ფოტოები, რომლებშიც ბელბეკის დაბომბილი აეროდრომი ჩანს.

როგორც სამხედრო ბლოგერები ამბობენ, ATACMS-ის ტიპის 300 კილომეტრ რადიუსზე მოქმედი რაკეტებით მიტანილი იერიშის შედეგად აეროდრომზე რამდენიმე ბომბდამშენი და მოიერიშე თვითმფრინავი განადგურდა. სევასტოპოლის გუბერნატორმა მიხეილ რაზვოჟაევმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინული რაკეტა ჩამოაგდო შავი ზღვის თავზე, ბელბეკის ავიაბაზის მახლობლად. რუსულ ბლოგებზე კი აქტიურად საუბრობენ, რომ ბოლო იერიში კომბინირებული იყო და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ATACMS-ებთან ერთად უპილოტო საფრენი აპარატები და წყლის დრონებიც გამოიყენეს. რუსი სამხედრო ბლოგერების თქმით, ბელბეკის აეროდრომზე 5 რაკეტა ჩამოვარდა.

პარალელურად გრძელდება საბრძოლო დაპირისპირებები ხარკივის ოლქში. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი ყურადღებას ამახვილებს რუსეთის მხრიდან ჩრდილოეთით საბრძოლო მოქმედებების არეალის გაფართოებაზე.

„მტერმა აქტიური საბრძოლო ზონა 70 კილომეტრით გააფართოვა. ამით გვაიძულებდა, დამატებითი სარეზერვო ძალები გამოგვეყენებინა. მთავარი ზეწოლა ვოვჩანსკისა და სტრილეჩის მიმართულებაზეა. ამ მიზნის მისაღწევად მოწინააღმდეგემ ჩრდილოეთით შექმნა და გააძლიერა ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება. ჩვენ უნდა აღვკვეთოთ მტრის ჯარის შემდგომი წინსვლა შემტევი ავიაციის, სარაკეტო სისტემების, საარტილერიო და სატანკო ცეცხლის გამოყენებით“, – აღნიშნავს გენერალი სირსკი.

ხარკივის მიმართულებით საბრძოლო დაპირისპირების არაერთი აქტიური კერაა. იერიშის დაწყების შემდეგ რუსულმა სამხედრო დაჯგუფებამ რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა, თუმცა როგორც უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, ამ მომენტისთვის ვითარება შეცვლილია. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი დასძენს, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკივის ოლქში ვოვჩანსკის მიმართულებაზე სტაბილიზაციას მიაღწიეს და კონტრიერიში გრძელდება.

ხარკივში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების მეთაური გენერალი ქრისტოფერ კავოლი ამბობს, რომ რუსებს ხარკივის ოლქში სტრატეგიული მიზნების მისაღწევად საკმარისი რესურსი არ აქვთ.

რუსებს სტრატეგიული გარღვევისთვის არ ჰყავთ საკმარისი ცოცხალი ძალა. მეტიც, მათ ამისთვის არც შესაბამისი უნარები აქვთ და არც შესაძლებლობები. მათ შეუძლიათ ლოკალური წარმატების მიღწევა და ეს რამდენიმე ადგილზე შეძლეს კიდეც. მათ ასევე აქვთ დანაკარგი“, – აღნიშნავს გენერალი კავოლი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ერთ დღეში საბრძოლო მოქმედებების შედეგად 1410 რუსი სამხედრო დაიღუპა, განადგურდა 18 რუსული ტანკი, 14 ჯავშანმანქანა, 38 საარტილერიო სისტემა და ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 45 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend