თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. ის სადავო კანონთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული. ბრალდებულის განცხადებით, პოლიციელებს თავს არ დასხმია და პირიქით, საკუთარ თავსა და სხვა მოქალაქეებს იცავდა პოლიციელების მხრიდან თავდასხმისას.
მას ასევე ედავებიან ნარკოტიკული ნივთიერების შენახვას, რაზეც სასამართლო სხდომაზე ოკმელაშვილმა თქვა, რომ ნარკოტიკი, რომელიც მისი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს, 2 წლის წინ კლუბში აჩუქეს.
პროკურატურა ოკმელაშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის, გამოყენებას, დაცვის მხარე კი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
“იმ დღეს რუსულ კანონს მშვიდობიანად ვაპროტესტებდით. პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა ნიღბებით და მშვიდობიან მომიტინგეებს ურტყამდნენ, “აბრტყელებდნენ”. თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა და ხელს ვკრავდი. პატივცემულს ბოდიშს მოვუხდი, თუმცა მანამდე ალექსანდრემ [დაზარალებული პოლიციელი] ძალიან დიდი, არაპროპორციული ძალა გამოიყენა. მგონია, რომ ჩემს თავსა და გარშემო ხალხს ვიცავდი.
რაც შეეხება ნარკოტიკს, ეს ნარკოტიკი ერთ-ერთი კლუბის შესასვლელში, 2 წლის წინ, მაჩუქეს და რადგან მომხმარებელი არ ვარ, თაროზე მედო, დამავიწყდა”, – განაცხადა ოკმელაშვილმა.