მთავარისაქართველოსაქართველოში ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე აღნიშნეს

საქართველოში ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე აღნიშნეს

„განსაკუთრებით საყურადღებოა ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის. შვილებმა არ უნდა გაიგონ ხმამაღალი სიტყვა ოჯახში. შვილებმა არ უნდა გაიგონ ცუდი სიტყვა, ლანძღვა, ან გინება, ან სხვა ცუდი რამ. მხოლოდ სიკეთე უნდა ისმოდეს და ესმოდეთ მათ და ასევე გააგრძელებენ ისინი თქვენ შემდეგ საკუთარ ცხოვრებას.

ყოველი წლის 17 მაისი იყოს ოჯახის სიმტკიცის, მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღე. ამ დღეს მთელი ერი უნდა გამთლიანდეს, მშობლები და შვილები. მთელი ხალხი უნდა გამთლიანდეს და უნდა აღვავლინოთ ლოცვები“, – ასე მიმართა 2014 წელს საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მოსახლეობას იმ დღეს, როდესაც ოჯახის სიმტკიცის, მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღე დაწესდა.

ამ დღიდან ზუსტად ათი წელი გავიდა და თბილისსა თუ რეგიონებში მრევლი ტაძრებთან შეიკრიბა. ოჯახის სიწმინდის დღე – ასე ეძახის დღეს ხალხი ამ საეკლესიო დღესასწაულს…

„როგორც სხეული შედგება უჯრედებისაგან, ისე სახელმწიფო შედგება ოჯახებისაგან. როგორი ოჯახებიცაა სახელმწიფოში, ისეთი ქვეყანა გვაქვს. შევიკრიბეთ იმიტომ, რომ შევიყვაროთ ერთმანეთი და პატივი ვცეთ ერთმანეთს“, – ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.

„ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ, ჩავეხუტოთ ქართველები ერთმანეთს. უნდა გავერთიანდეთ და ჩვენი ქართველობა მთელ მსოფლიოს დავანახოთ. დავანახოთ ის, თუ როგორი ძლიერები ვართ“, – ამბობს თეიმურაზ კოშაძე, მსვლელობის მონაწილე.

„ჩვენი სარწმუნოება და ჩვენი ადათ-წესები, ჩვენი სამშობლოს სიყვარული – ეს არის პირველი“, – ამბობს ნინო ლეჟავა, მსვლელობის მონაწილე.

„დღეს ვარ ქართველი მებრძოლის ფორმაში, რომელიც უძველესი დროიდან იცავს თავის ოჯახს, თავის სამშობლოს“, – ამბობს გიორგი გაფრინდაშვილი, მსვლელობის მონაწილე.

„ინგრევა ყველაფერი, სამყარო ინგრევა, რაღაც საზღვრებს სცილდება და შეიქმნა დღევანდელი დღე“, – ამბობს მერაბ კირკიტაძე.

„ვისურვებდი, რომ მეტ ახალგაზრდას მიეღო მონაწილეობა დღევანდელ ზეიმში“, – ამბობს ავთო აბულაძე.

გიორგი მეგრელის თქმით, „თუ ენას, მამულსა და სარწმუნოებას გავუფრთხილდებით და შევინახავთ, ყველაფერი კარგად იქნება“.

„თქვენ ბავშვები ხართ და ჩვენ 20 წლის წინ გვაქვს წაკითხული, რაც ახლა ხდება. ეს არ არის მოგონილი, ასე მიდის ყველაფერი და საბოლოოდ საქართველო გამთლიანდება. გავერთიანდებით ერი და ბერი და ჩვენნაირი ერი არ იარსებებს, ისევე როგორც დღეს არ არსებობს. ჩვენნაირი ქვეყანა არ არსებობს, არსად არ ვარ ევროპაში ნამყოფი, მაგრამ ახლობლებისგან მაქვს ევროპის ფოტოები და ჩვენნაირი ქვეყანა არსად არ არის. აყვავებულია, აბა რა არის“, – ამბობს მაყვალა თოფურია, მსვლელობის მონაწილე.

საქართველოში ოჯახის სიმტკიცის, მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღე უკვე 10 წელია აღინიშნება… წელს პირველად ეს დღე უქმედ გამოაცხადა საქართველოს მთავრობამ. საეკლესიო დღესასწაული ხელისუფლების წარმომადგენლებმა მრევლთან ერთად წელს პირველად აღნიშნეს.

„სიყვარული, თაობებს შორის ურთიერთობა, პატივისცემა, ნდობა გვაყალიბებს ადამიანებად, პიროვნებებად, მოქალაქეებად და ეს არის ღირსშესანიშნავი სიწმინდე, რომელიც ხელშეუხებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ, თბილისის მერმა.

„დღეს მთელი ერი და ბერი გაერთიანდა ჩვენი უნივერსალური ფასეულობების, ღირებულებების დასაცავად – მამულის, ენისა და სარწმუნოების. ერთმანეთს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას დღეს ვაწვდით ხმას, რომ საქართველო და ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი, როდესაც საქმე ეხება სამშობლოს, ოჯახსა და იმ ღირებულებებს, რომლებიც საქართველოს ფუნდამენტია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა.

2014 წელს დაწესებული ოჯახის სიმტკიცის, მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღე დღეს, 17 მაისს, 12 საათზე ქაშვეთის ეკლესიაში ლოცვით დაიწყო. შემდეგ მსვლელობა მოეწყო სამების საკათედრო ტაძრამდე, სადაც „სამადლობელი პარაკლისი“ აღავლინეს. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, „სამადლობელი პარაკლისის“ დროს მრევლი ღმერთს მადლობას განსაკუთრებული შეწევნისთვის სწირავს.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend