მთავარისაქართველო"ყოველთვის მზად ვართ პარტნიორობის გასაღრმავებლად" - ჩინეთის ელჩი საქართველოში

“ყოველთვის მზად ვართ პარტნიორობის გასაღრმავებლად” – ჩინეთის ელჩი საქართველოში

საქართველოში ჩინეთის ელჩი აცხადებს, რომ ქუთაისში ჩინური წარმოების ავტომობილების ბაზრობის მოწყობა იგეგმება. მისი თქმით, საქართველოში ინვესტიციებისადმი ჩინური კომპანიების დიდი დაინტერესებაა. ელჩმა ასევე ვრცლად ისაუბრა გეოპოლიტიკასა და ჩინეთის როლსა და ინტერესებზე მსოფლიო წესრიგის უზრუნველყოფისთვის. მანვე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩინეთის მხარდაჭერა დაადასტურა. ისაუბრა ორი ქვეყნის ახალ ურთიერთობაზე, უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედებასა და პირდაპირი ფრენის გახშირების საჭიროებაზე. ჭოუ ციენმა ზოგადი კომენტარი გააკეთა სადავო კანონპროექტის მიღებაზეც, რამაც ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი მღელვარება გამოიწვია.

“ჩინეთი ყოველთვის მზად არის პარტნიორობის გასაღრმავებლად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ურთიერთპატივისცემას, ურთიერთსარგებელსა და თანამშრომლობას ეფუძნება. ჩინეთი ყოველთვის მზად არის პრაქტიკული ქმედებებისთვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელს შეუწყობს საერთაშორისო სამართლისა და მიუკერძოებლობის დაცვას, მშვიდობას, განვითარებასა და კეთილდღეობას. მას შემდეგ, რაც გასულ წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ნდობა და პრაქტიკული თანამშრომლობის შედეგები კიდევ უფრო გაიზარდა. ჩემი და ჩემი ქართველი კოლეგების ერთობლივი ძალისხმევით ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო შეთანხმება თვის ბოლოს ოფიციალურად ამოქმედდება. სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენა გახშირდება. ჩინური კომპანიების მიერ ბოლო დროს განხორციელებული პროექტები საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩინეთი მზად არის, ქართულ მხარესთან ერთად კიდევ უფრო გაამდიდროს სტრატეგიული პარტნიორობის შინაარსი ამ ორი უძველესი ცივილიზაციის კეთილდღეობისა და აღორძინებისთვის ახალ ეპოქაში. როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უდავოდ ყველაზე ფუნდამენტური და საკვანძო საკითხია. ჩინეთი როგორც პასუხისმგებელი დიდი ქვეყანა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ყოველთვის პატივს სცემს ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველოში ჩინური კომპანიების მიერ უამრავი პროექტია განხორციელებული. ისინი კიდევ ფიქრობენ მრავალი ასეთი პროექტის განხორციელებას. იგეგმება, რომ საქართველოში ავტომობილების ბაზრობა მოეწყოს. ბაზრობა შეიძლება, ქუთაისში განთავსდეს. ვფიქრობ, მალე იქნება.

რაც შეეხება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც ქართულმა მხარემ მიიღო, სრულებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაა. ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომ არ ეხება სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკას, არ ერევა შიდა პოლიტიკაში და ასე კონკრეტულ შეფასებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ“, – აცხადებს ელჩი.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend