მთავარისაქართველოსალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ ევრონიუსთან

სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ ევრონიუსთან

ევრონიუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა საკუთარი გეგმის შესახებ, ვეტო დაადოს „უცხოური გავლენის შესახებ” კანონს. თუმცა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ვეტოს მიუხედავად საქართველოს პარლამენტი დიდი ალბათობით კანონს მაინც მიიღებს.

„ვეტოს გადალახავენ, ან კანონს უმნიშვნელოდ შეცვლიან. ამიტომ, ახლა აუცილებელია, არჩევნებამდე მივიდეთ“, – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„რუსულ კანონად“ ცნობილ კანონპროექტს თვეზე მეტია ათასობით დემონსტრანტი აპროტესტებს.

მიუხედავად იმისა, რომ პროტესტები დიდწილად მშვიდობიანია, სოციალურ მედიაში ვრცელდება ცნობები პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების ცემის სავარაუდო შემთხვევების შესახებ.

„იყო სასტიკი მოპყრობის ფაქტები, რომლებიც პოლიციას არ ჩაუდენია, არამედ ჩაიდინეს სპეცდანიშნულების ძალებმა, რომელთაც ჰქონდათ წარწერა პოლიცია, მაგრამ არ ჰქონდათ პირადი იდენტიფიკაცია“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა შეშფოთება, რომ სწორედ ამ სისასტიკის გამო პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობაზე ოფიციალური გამოძიება შესაძლოა გამოწვევებს წააწყდეს.

„ამ სისასტიკის ჩამდენთა ვინაობის დადგენა შეუძლებელია. ჩვენ ვართ ისეთ ვითარებაში, რომელიც ნებისმიერ მომენტში შესაძლოა ძალადობაში გადაიზარდოს”, – თქვა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება, რაც საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს ოფიციალურად გამოხატოს პოზიცია კანონის წინააღმდეგ.

„არჩევნების გზით ჩვენ გავმართავთ რეფერენდუმს ევროპის შესახებ. სწორედ ამგვარად უნდა აღვიქვათ მომავალი არჩევნები, რომელიც შეუძლებელია იყოს ჩვეულებრივი. ეს იქნება არჩევნები, რომელიც შეაჩერებს ამ გადახვევას ევროპული გზიდან. მსუბუქად ვამბობ, რომ ეს მხოლოდ გადახვევაა. ჩვენ გზას დავუბრუნდებით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნების გზით მოხდეს“, – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს „ევროპული ოცნება“

ზურაბიშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის წევრი. როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ უნდა შეასრულოს გარკვეული დათქმები, მათ შორის, აჩვენოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისადმი.

ევროკავშირის არაერთმა ლიდერმა, მათ შორის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირისკენ სწრაფვასთან ერთად ქართველებმა უნდა დაიცვან ფუნდამენტური პრინციპები, როგორებიცაა: კანონის უზენაესობა და დემოკრატიული ღირებულებები.

„ევროკავშირმა ნათლად უნდა აჩვენოს, რომ გაითვალისწინებს საქართველოს არჩევანს და არ დაასანქცირებს ქვეყანას. მე განვასხვავებ ინდივიდუალურ სანქციებსა და ქვეყანას. ქვეყანა არ უნდა დაისაჯოს, სანამ მისი სათქმელი არ იქნება გამოხატული არჩევნებით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის არ არსებობს რუსეთის მიმართ ცდუნება. არამედ, მისი აღქმით, ეს ზოგიერთი ლიდერის „რუსული მანევრებია“.

საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ საქართველოს მოსახლეობა რუსული ღირებულებების მიღებით დაინტერესებული არ არის.

„საქართველოში ვერ იქნება ცდუნება, რომ იგი რუსეთის კონტროლის ქვეშ დაბრუნდეს. განსაკუთრებით ახლა, როცა ვხედავთ, თუ რას წარმოადგენს დღეს რუსეთი“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

კანონპროექტმა დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია კრემლის კანონთან მსგავსების გამო, რომელიც მეზობელ რუსეთზე პუტინის კონტროლის გამკაცრებას ისახავს მიზნად. იგი მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა არაკომერციულ ჯგუფებს ავალდებულებს, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ დარეგისტრირდნენ, იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებენ საზღვარგარეთიდან.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend