ერთი წელია, რაც ბუ, სახელად ფლაკო ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკის ზოოპარკიდან გაიქცა.
ბევრს ეგონა, რომ ზოოპარკში ცხოვრების შემდეგ ფლაკო ველურ სამყაროში ვერ გადარჩებოდა. თუმცა ფრინველებზე დამკვირვებლები ნიუ-იორკის მახლობლად ფლაკოს ხშირად ხედავენ.

„არავინ ელოდა, რომ ფლაკო გადარჩებოდა. თუმცა ის მხოლოდ კი არ გადარჩა, მანჰეტენს ისე შეეჩვია, თითქოს მისი ბუნებრივი გარემო ყოფილიყო. ეს დაუჯერებელია. მან ეს დამოუკიდებლად შეძლო. მიმაჩნია, რომ ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით ნიუ-იორკელებს, ფლოკო სწორედ მისი გამძლეობის გამო უყვარს,” – ამბობს ველური ბუნების ფოტოგრაფი, ჟაკლინ ემერი.
ფოტოგრაფები დევიდ ლეი და ჟაკლინ ემერი ევრაზიული ჯიშის ბუს ნიუ-იორკის მასშტაბით დაჰყვებიან. ისინი მანქანით ისეთ ადგილებში მიდიან, სადაც ბუს ხმა ესმით.
„ყველა ბუ ჯადოსნურია. ბოლო წლების განმავლობაში, ნიუ იორკში ბევრი ბუ გვყოლია. როგორც წესი, არავინ ელის, რომ ქალაქში ბუს ნახავენ. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი გამოცდილება, ფოტოების მეშვეობით სხვებს გავუზიაროთ”, – ამბობს დევიდ ლეი.
ერთი წლის წინ, 2 თებერვალს ზოოპარკში ვიღაცამ ფოლადის ბადე გადაჭრა, სადაც ფლაკო ცხოვრობდა.

ზოოპარკის წარმომადგენლებმა ფლაკოს დაჭერა და ზოოპარკში დაბრუნება სცადეს. ისინი შიშობდნენ, რომ ფლაკო, რომელზეც 2010 წლიდან ზრუნავდნენ, ვერ შეძლებდა ნადირობას და შიმშილით მოკვდებოდა.
თუმცა მასში მონადირის ინსტინქტმა მალევე გაიღვიძა, ახლა ნადირობაშია დაოსტატებული და ნიუ-იორკის ქუჩებში ვირთხებითა და თაგვებით იკვებება.
