მთავარიევროპასლოვენიასლოვენიის ერთ-ერთ გამოქვაბულში 5 ადამიანია ჩარჩენილი

სლოვენიის ერთ-ერთ გამოქვაბულში 5 ადამიანია ჩარჩენილი

სლოვენიის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში ძლიერი წვიმისა და წყლის დონის აწევის გამო სლოვენიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე გამოქვაბულში ხუთი ადამიანია ჩარჩენილი.

ჯგუფში ერთი ოჯახის სამი ზრდასრული წევრი და ორი მეგზურია, რომლებიც კრიჟნა იამას გამოქვაბულში შაბათს შევიდნენ, თუმცა გამოსვლა ვეღარ მოახერხეს,  რადგან გასასვლელი წყალმა გადაკეტა.

სლოვენიის სამაშველო ჯგუფების წევრებმა განაცხადეს, რომ მყვინთავებმა უკვე მიაღწიეს ადგილამდე და გამოქვაბულში მყოფი ადამიანები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, სადაც ისინი წყლის დონის დაწევას დაელოდებიან.

სლოვენიის სპელეოლოგიური ასოციაციის ხელმძღვანელის იგორ ბენკოს თქმით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

,,ამ წუთისთვის მათ ყველაფერი აქვთ, კარვები, საკვები და სასმელი. ტემპერატურაც დაახლოებით 20 გრადუსი იქნება’’,-ამბობს იგორ ბენკო, სლოვენიის სპელეოლოგიური ასოციაციის ხელმძღვანელი.

მიუხედავად იმისა, რომ გამოქვაბულში ვიზიტორები გიდის გარეშე არ დაიშვებიან და უსაფრთხოების ნორმებიც მაქსიმალურადაა დაცული, გაუთვალისწინებელი შემთხვევა მაინც მოხდა.

ამჟამად სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 35 მაშველი და რვა მყვინთავი, რომლებსაც 11 მეხანძრე და სამოქალაქო დაცვის ძალების წევრები ეხმარებიან.

,,გვინდა რაც შეიძლება მალე გამოვიყვანოთ ისინი, მაგრამ ველოდებით თუ როდის დაიწევს წყლის დონე, ამ წუთისთვის ხუთივე უსაფრთხოდაა”,-ამბობს დამირ პოდნარი, მაშველი.

ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, გამოქვაბული კრიჟნა იამა მეოთხე უდიდესი მიწისქვეშა ეკოსისტემაა მსოფლიოში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend