To Kill a Tiger – ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელიც სულ ახლახანს გამოვიდა და ინდოელი ფერმერის რანჯიტის შესახებ მოგვითხრობს. ფილმი გვიამბობს იმ მამის ისტორიას, რომელიც თავისი შვილის, 13 წლის გოგონას, გაუპატიურებისთვის შურისძიებას ცდილობს. To Kill a Tiger ინდოელ რეჟისორს ნიშა ფაჰუჯას ეკუთვნის. მისი თქმით, ინდოეთში გაუპატიურების შემთხვევები ყოველ 20 წუთში ხდება, თუმცა დამნაშავეების დაკავების მაჩვენებელი 30 პროცენტზე დაბალია. სწორედ ამიტომ მას იმედი აქვს, რომ ეს დოკუმენტური ფილმი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება. ნამუშევარი აჩვენებს იმ გზას, რომელიც მამამ, რანჯიტმა, სამართლიანობის აღდგენისთვის გაიარა. რეჟისორის თქმით, იგი ეცადა მაქსიმალური სიზუსტით გადმოეცა ის, რაც თავად იხილა.
„უცბად მივხვდი, რომ თუ ამ გოგონას არ ვაჩვენებდი, მის სახეს დავმალავდი, კიდევ უფრო გავაღვივებდი იმ ცრურწმენას, რომ სექსუალური ძალადობა ღირსების დაკარგვას უკავშირდება. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების ნაწილი ჯერ კიდევ ჩუმად არის. ასე კი არაფერი იცვლება. მე არ მინდოდა ამ პრობლემის ნაწილი გავმხდარიყავი, თუმცა არც ის ვიცოდი, სხვანაირად როგორ მოვქცეულიყავი. ერთადერთი გზა გოგონას ოჯახთან საუბარი იყო. ფილმის გამოსვლისას გოგონა უკვე 18 წლის იქნებოდა და ნებართვასაც თავად მოგვცემდა. მათ ნახეს ფილმი და გვითხრეს, “დიახ, ზუსტად ისეა როგორც გვინდა. გოგონას სურდა გამოჩენილიყო და მისმა ოჯახმა მას მხარი დაუჭირა”,- ამბობს ფილმის რეჟისორი ნიშა ფაჰუჯა.