მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს გულში უცნაური და ზღაპრული არსებები გამოჩნდნენ
უკვე ათ წელზე მეტია, რაც მეხიკოს ხალხური ხელოვნების მუზეუმი მუყაოსა და ქაღალდის ქანდაკებების, „ალებრიხეების” შექმნის ტრადიციას უწყობს ხელს. ერთ-ერთი ასეთი სიურეალისტური ქანდაკების ავტორი ისრაელ მონდრაგონია.
მონდრაგონის ნამუშევარი, „Señor Travieso” ანუ „ბატონი ცელქი“, წარმოადგენს იგუანას, რომელიც ორ ფეხზე დადის. მარცხენა ხელში ნამცხვარი უჭირავს, ხოლო მეორე ხელით სამ ძაღლს ასეირნებს.
მონდრაგონმა ეს დიზაინი ერთი წლის წინ შექმნა, რათა ხელი შეუწყოს მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვას. მისი ორმეტრიანი ნამუშევარი ხალხური ხელოვნების მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება, რომლის ფარგლებშიც 200 „ალებრიხე“ მეხიკოს ერთ-ერთ მთავარ გამზირზე გამოიფინება.
„ჩვენს ოჯახს არ აქვს საგვარეულო ტრადიცია. ჩვენ თემის ან უბნის მემკვიდრეობა არ გაგვაჩნია. ქანდაკების კეთება ჩემით ვისწავლე. უბრალოდ ვაკვირდებოდი, როგორ მუშაობდნენ სხვადასხვა სახელოსნოში. თავიდან თავის ქალებსა და ჩონჩხებს ვაკეთებდი. შემდეგ ნამუშევრები გავყიდე, რადგან შემოსავალი მჭირდებოდა. საბოლოოდ მუყაოზე მუშაობის შესაძლებლობაც დავინახე”, – ამბობს ისრაელ მოდრაგონი.
„ალებრიხები” მექსიკური ხალხური ხელოვნების ნაწილია, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული ანიმაციური ფილმის „კოკოს” წყალობით გახდა. უცნობია, თუ როგორ ჩაისახა ეს ტრადიცია, თუმცა მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მის ჩამოყალიბებას პედრო ლინარეს ლოპესის ნამუშევარმა შეუწყო ხელი. პირველი „ალებრიხი“ მან მეხიკოში 1936 წელს დაამზადა. ტრადიცია კი მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა გააგრძელეს.