უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსი სამხედროები უპილოტო დრონებს, ე.წ. „ლანცეტებს“ ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებენ. სარაკეტო და საარტილერიო იერიშების პარალელურად ეს შეიარაღება აქტიურად გამოიყენება უკრაინის საარტილერიო პოზიციებზე ზიანის მისატანად.
ომის შესწავლის ინსტიტუტის ანგარიშში უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო, საარტილერიო და უპილოტო სისტემების მთავარი დირექტორატის უფროსზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ უკრაინული ძალები საარტილერიო საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობებით რუსეთს გაუთანაბრდნენ.
ექსპერტების შეფასებით კი რუსეთის მხრიდან ლანცეტის ტიპის შეიარაღების აქტიური გამოყენება სწორედ უკრაინული არტილერიის წარმატებებს უკავშირდება.
უკრაინული არტილერია ქვეითებთან ერთად კი ბოლო პერიოდში აქტიურად უტევს ფრონტის სამხრეთ ფლანგს. მელიტოპოლი ბერდიანსკის მიმართულებაზე ყოველდღიურად მძიმე შეტაკებებია. სხვადასხვა სამხედრო ბლოგებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსებმა დამატებითი ძალები გადაისროლეს ფრონტის ამ მიმართულებაზე. რობოტინოს გათავისუფლების შემდეგ უკრაინული არმია ცდილობს გაარღვიოს რუსული თავდაცვის ხაზი და კიდევ უფრო მოუახლოვდეს აზოვის ზღვას.
დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია რუსული სამხედრო დანაკარგებს შესახებ. ოფიციალური კიევის ცნობით შეტევითი ოპერაციები ბახმუტის ფლანგზეც მიმდინარეობს და რუსულ სამხედრო შენაერთებს გარკვეული პოზიციების დათმობა უწევთ. უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერის ანდრიი კოვალოვის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ გასულ დღეს 14 იერიში მიიტანა რუსულ პოზიციებზე და საზენიტო სარაკეტო 4 კომპლექსზე. უკრაინული საზენიტო სარაკეტო კომპლექსების მიერ განადგურებულია რუსული არტილერია და რადიოლოკაციური სადგურები.
რუსეთმა გასულ დღეს 23 ტანკი, 9 ჯავშანმანქანა, 23 საარტილერიო სისტემა, 4 ოპერატიულ ტაქტიკური დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატი და 33 ავტომობილი დაკარგა.
ომის შესწავლის ინსტიტუტის ანგარიშში, უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, ნათქვამია, რომ ნატოს მიერ მოწოდებული საარტილერიო სისტემები უკრაინულ ძალებს საშუალებას აძლევს რუსული არტილერია ფრონტის სიღრმეში გაანადგურონ.
უკრაინის არმიის ზუსტი იერიშები კი რუს სამხედროებს აიძულებს მათი საარტილერიო საშუალებები ფრონტის ხაზიდან გადაწიონ.