იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში ამ დროისთვის ძირითადად გრიპის ვირუსია გავრცელებული, ისიც ძირითადად ბავშვებში. მისივე თქმით, ახლა ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი 5-ჯერ მეტია, ვიდრე კორონავირუსის გავრცელების მონაცემები. გავრცეელებულ გრიპის ვირუსებს შორის, წამყვანია ე.წ. “ჰონკონგის ვირუსი”. ამასთან, ივანე ჩხაიძის თქმით, ნებისმიერი ტიპის ვირუსთან ბრძოლის მთავარ იარაღად ვაქცინაცია რჩება.
„წინა კვირასთან შედარებით რესპირაციული ვირუსების მცირედი მატებაა. ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, მისი ჯამური რაოდენობა 50%-ს შეადგენს. ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებშიც, მსოფლიოში ზამთრის პერიოდი ამ ტიპის ვირუსის სიჭარბით ხასიათდება. ახლა ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი 5-ჯერ მეტია, ვიდრე კორონავირუსის, რაც პანდემიის წლებში ასე არ იყო. გრიპი ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს.
პედიატრიულ სტაციონარებში მიმართვიანობის პიკი იყო დეკემბრის დასაწყისში, ახლა იმ ფარგლებშია, რომელშიც უნდა იყოს. ბავშვების სტაციონარში განთავსების პრობლემა არ არის. ყველას ბავშვი იღებს ამ სერვისს, ვისაც სტაციონარში მკურნალობა სჭირდება“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.