ბაკურიანი 2023 წელს ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ და საქართველოს მთავრობამ პრესკონფერენცია გამართა, რომელიც სეზონის მთავარ მოვლენას მიეძღვნა. პრესკონფერენციის დაწყებამდე შედგა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადებას მიეძღვნა.
“საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი ჯერ არ ჩატარებულა და მნიშვნელოვანია რომ პირველად მსოფლიო ჩემპიონატს ასეთ ძვირფას სპორტში ვუმასპინძლებთ. მისასალმებელია, რომ ბაკურიანში ასეთი ინფრასტრუქტურა აშენდა. ეს ჩვენი ქვეყნისთვის წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია, მინდა ყველას გადავუხადო მადლობა, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო, განსაკუთრებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც გადამწყვეტ დროს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღო. საქართველო პანდემიის დროსაც არ გაჩერდა და გაიყვანა წყალი ბაკურიანში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურილი პროექტი დაემატა იმ ხარჯებს, რომლებიც იყო გათვალისწინებული. კოხტა-მიტარბისა და დიდველი მიდამოებში გაკეთდა ორი დიდი ხელოვნური ტბა, რომლებიც ხელოვნური გათოვლიანებისთვის შეიქმნა. მსოფლიო ჩემპიონატისთვის ერთმანეთს გადაება მიტარბის, კოხტას, ტატრა კუმასა და დიდველის საბაგიროები. დიდველის საბაგირო თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა ააშენა და გადასცა ბაკურიანს. მინდა მას გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა, რადგანაც ის ძალიან რთულ დროს დაუდგა მხარში ბაკურიანს და ამ სპორტს, იქნებოდა ეს გადაწყვეტილების მიღება, რჩევის მიცემა თუ მორალური მხარდაჭერა”, – ამბობს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი, გიორგი რამიშვილი.
“ბაკურიანში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა. და სამთო-სათხილამურო კურორტი მზად არის რომ უმასპინძლოს მსოფლიო ჩემპიონატს. გაკეთდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, 3 საბაგირო და 29 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა”, – განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ.
“ჩვენი ქვეყნისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. იმისათვის რომ მნიშვნელოვანი ტურნირი მასპინძლობისთვის კურორტი სრულ მზადყოფნაში იყოს გაკეთდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ მსოფლიო ჩემპიონატს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ ინფრასტრუქტურა დარჩება ბაკურიანს და მოგვცემს იმის შესაძლებლობას რომ ზამთრის სათხილამურო სეზონი გავახანგრძლივოთ“, – ამბობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი.
მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში 16 თებერვლიდან 4 მარტამდე გაგრძელდება.