მთავარიევროპაუკრაინაკიევი გათავისუფლებული რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავს

კიევი გათავისუფლებული რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავს

უკრაინაში პირველი თოვლი მოვიდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგაშო მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

რუსული იერიშების შედეგად უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის ნახევარზე მეტი ან განადგურებულია ან დაზიანებული. მოქალაქეებსა და საავადმყოფოებს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. ვარაუდობენ, რომ  ზამთარი ქვეყნის მოსახლეობისთვის ურთულესი იქნება.

ჰანს კლუგე, ჯანმოს რეგიონული დირექტორი ევროპაში, ვარაუდობს, რომ  2 – 3 მილიონამდე ადამიანი უსაფრთხოებისა და სითბოს ძიებაში დატოვებს საკუთარ სახლს. მისი თქმით, მათ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

რთული იქნება   რესპირატორულ დაავადებებთან, კოვიდთან, პნევმონიასთან, გრიპთან გამკლავება, აუცრელ მოქალაქეებს კი შესაძლოა, ადვილად მოერიოს დიფთერია და წითელა.

ხერსონის მოსახლეობა უკვე გრძნობს ამ შედეგებს. ათი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსები ქალაქიდან გავიდნენ, თუმცა ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება.

უკრაინის ხელისუფლება ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავს, რადგან ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანის გამო შესაძლოა მოსახლეობამ ზამთარი ვერ გადაიტანოს.

ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემა. ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური, რომელიც უკრაინის 25 პროცენტს ელექტროენერგიით ამარაგებდა, ამჟამად აღარ ფუნქციონირებს. ამას ემატება ისიც, რომ ტერიტორიას კვლავ ბომბავენ. მოსახლეობა შიშობს, რომ  ქვეყანას  მასშტაბური კატასტროფა ელოდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend