ხერსონი – უკრაინის გმირი ქალაქი – ქვეყნის ბრძოლისუნარიანობის სიმბოლო….ახლა ძველი ხერსონის მხოლოდ აჩრდილიღაა დარჩენილი.
ქალაქის გათავისუფლებით გამოწვეული სიხარული და შვება რამდენიმე საათში ჩაანაცვლა მოსალოდნელი შიმშილისა და სიცივის შიშმა, რომელიც აქ დარჩენილ მოსახლეობას დაეუფლა.
ახალი ფრონტის ხაზი
მას შემდეგ, რაც რუსულმა ჯარმა მდინარე დნიპროს აღმოსავლეთით დაიხია, ეს ქალაქი ფრონტის ხაზად გადაიქცა.
ბოლო დღეების განმავლობაში ხერსონში რამდენიმე ადამიანი დახოცეს. აქაური მოსახლეობა გვეუბნება, რომ ასეთი განუკითხავი დაბომბვა მანამდე არ უნახავთ. მათი თქმით, როდესაც უკრაინელი სამხედროები ცდილობდნენ ქალაქის აღებას, მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უმიზნებდნენ. გათავისუფლების შემდეგ კი მთელი ქალაქი იბომბება.
კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა მუდმივი სამიზნეა. მოსახლეობის უმეტესობას არც ელექტროენერგია აქვს, არც გათბობა და არც წყალი.
ხერსონში დაიბადა და გაიზარდა. მას რუსების ოკუპაციის დროს ქალაქი არ დაუტოვებია.
“დავრჩი, რადგან ავადმყოფი მშობლები მყავს,“ – ამბობს ოლენა. „სხვა გზა არც მქონდა. არც ფული მქონდა წასასვლელად. თანაც აქ დავიბადეთ და არ გვინდოდა ყველაფრის მიტოვება. ვინ იქნებოდა ჩემ გარდა სხვა დამხმარე? ჩვენს კორპუსში მხოლოდ მე და ნასტია დავრჩით. დანარჩენები მოხუცები, პენსიონერები და უძლურები არიან, როგორ მივატოვოთ.“
წამლების უკმარისობა
მოხუცები და ავადმყოფები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან. მათი უმრავლესობა ვეღარ იღებს საჭირო დახმარებას ხერსონში.
ვოდნიკოვას საავადმყოფო ხერსონის ერთ-ერთი მთავარი სამედიცინო დაწესებულება იყო. ახლა საავადმყოფოს პერსონალის დიდი ნაწილი წასულია. პაციენტებს უსაფრთხოების მიზნით სამედიცინო ევაკუაცია შესთავაზეს. თუმცა ბევრს ამის არჩევანიც არ აქვს.
„არ ვიცი, რა ვთქვა ევაკუაციაზე… მე მარტოხელა ვარ და არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო, ჩემი ქალაქიდან თუ წავალ,“ – ამბობს პაციენტი, რომელსაც ხერხემალი აქვს დაზიანებული.
ხერსონის ვოდნიკოვას საავადმყოფოს ექიმმა ვიტალინა ჩებოტარევამ ინტენსიური თერაპიის განყოფილება დაგვათვალიერებინა. განყოფილებაში მონიტორები დგას, მაგრამ ვერ მუშაობს, რაგდან ელექტროენერგოა არ არის.
„ჩვენთან კომენდანტის საათია, ბომბებს ისვრიან, ამიტომ ღამე ხალხი სასწრაფოს აღარ იძახებს,“ – ამბობს ვიტალინა. „თანაც სასწრაფო დახმარების მანქანებიც ცოტა დარჩა ქალაქში. ხალხი ვეღარ იღებს დროულად დახმარებას და აქ უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში მოდიან.“
ექიმი ჩებოტარევა ამბობს, რომ ვითარება გართულდა:
“ყველაზე რთული ოკუპაციის პირველი დღეები და პირველი თვეები იყო. არავინ იცოდა, რა გველოდა, როგორ უნდა გვემუშავა და ეს რამდენ ხანს გაგრძელდებოდა. მერე მივეჩვიეთ. ბოლო თვეც ძალიან მძიმე იყო, მორალურადაც და ფიზიკურადაც, არც შუქი გვქონდა, არც წყალი და არც გათბობა.“
დანგრეული სახლი
ომით განადგურებულ სოფელ პოსად-პოკროვსკეში ტატიანას საკუთარი სახლის ნაცვლად ნანგრევებიღა დახვდა.
“აქაურობას ტკივილის გარეშე ვერ ვუყურებ, სული მტკივა. აი, რას ვგრძნობ,“ – ამბობს ტატიანა. “როდესაც ომი დაიწყო, აქ გადმოვედით. ამ ოთახში ვცხოვრობდით. ჩვენ ირგვლივ ყველაფერი ფეთქდებოდა, იატაკზე ვიწექით. გვეგონა, ამით დამთავრდებოდა, ვერ ვიჯერებდით, რომ ომი იქნებოდა. აქ ვიმალებოდით. დარწმუნებული ვიყავით, რომ ყველაფერი მალე დასრულდებოდა და ასე არ მოხდებოდა“.
მაგრამ ომი გაგრძელდა და ოჯახმა დატოვა სოფელი პოსად-პოკროვსკე, სადაც უკრანის სამხრეთის ფრონტზე ერთ-ერთი ყველაზე რთული ბრძოლები მიმდინარეობდა.
“არ ვარ გაბრაზებული, მხოლოდ სიძულვილს ვგრძნობ,“ – ამბობს სოფელ პოსად-პოკროვსკეს კიდევ ერთი მცხოვრები ოლექსანდრე. „სიძულვილს, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება, სიძულვილს რუსეთის მიამრთ. ჩემს შვილებს სახლი აღარ აქვთ. აღარ მაქვს სახლი, რომელსაც მთელი ცხოვრება – 40 წელი ვაშენებდი და ახლა არაფერი მაქვს. რას უნდა ვგრძნობდე? მხოლოდ სიძულვილს. მინდა, რუსეთმაც დაკარგოს ყველაფერი – მთელმა რუსეთმა.“
მას არ სჯერა, რომ უკრაინელებსა და რუსებს შორის მშვიდობა მის თაობაში ისევ ჩამოვარდება.
„ასე მგონია, რომ ჩვენს თაობას აღარ ექნება რუსეთთან მშვიდობა. იმდენი ადამიანი დახოცეს, რომ ჩვენ შორის მშვიდობა შეუძლებელია. შეიძლება, მომავალმა თაობებემა ისევ მშვიდობიანად იცხოვრონ, მაგრამ ახლა არა,“ – ამბობს ოლექსანდრე. თუმცა არც მის სიძეს ილიას აქვს ამის იმედი: „არც ჩემს თაობაში მოხდება ეს. ძალიან მეეჭვება, ძალიან.“
ავტორი: ანელის ბორჯესი