მთავარიევროპაუკრაინა"რუსებმა ხელ-ფეხი შემიკრეს, სკამზე დამაბეს და თავში ორლიტრიან წყლით სავსე ბოთლს მირტყამდნენ"...

“რუსებმა ხელ-ფეხი შემიკრეს, სკამზე დამაბეს და თავში ორლიტრიან წყლით სავსე ბოთლს მირტყამდნენ” – ტყვეობიდან გათავისუფლებული

ათასობით უკრაინელი სამოქალაქო პირია დაკავებულია ფორმალური თუ არაფორმალური ციხეების ქსელში, რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

უკვე ორი წელია, უკრაინელი ტყვეები ცდილობენ გაუძლონ წამებას, ფსიქოლოგიურ ძალადობას და მონურ შრომას, რომელსაც მათ რუსები აიძულებენ. რუსეთი კი კიდევ ათობით ციხის აშენებას გეგმავს, ნათქვამია სამთავრობო დოკუმენტში, რომელიც Associated Press-მა მოიპოვა.

მედიის წარმომადგენლები ტყვეობიდან დახსნილ ათეულობით პირს ესაუბრნენ, მათ მიერ მოყოლილი ამბები, ისევე როგორც სატელიტური სურათები, სოციალური მედია, სამთავრობო დოკუმენტები და წითელი ჯვრის მიერ მიწოდებული წერილების ასლები, ადასტურებს რუსეთის ფართომასშტაბიან სისტემას უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაკავებისა და ძალადობის შესახებ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჟენევის კონვენციებს.

უკრაინის მთავრობა ამტკიცებს რომ რუსეთს დაახლოებით 10 000 უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქე ჰყავს დატყვევებული. მათგან 400-ის გათავისუფლება მოხერხდა, თუმცა რუსები სხვების დატყვევებას უარყოფენ და შესაბამისად დღეს არავინ იცის სად არიან ეს ადამიანები. ადამიანები, რომლებსაც ეძებენ დედები, მამები, შვილები, ქმრები თუ ცოლები. დაკარგულთა ოჯახის წევრები, ამბობენ რომ მათი საყვარელი ადამიანები ერთ დღეს უბრალოდ გაქრნენ.

რუსეთის ტყვეობაში მყოფი სამოქალაქო პირის შვილი ანა ვუიკო:

„ბოლოს გასული წლის მარტში ვნახე. მას შემდეგ ამ შეხვედრას ხშირად ვიხსენებ, მაგრამ ყველა დეტალი მაინც არ მახსოვს. რას ვიფიქრებდი ამდენად მნიშვნელოვანი დღე თუ იყო.

ერთ წელზე მეტი გავიდა… კიდევ რამდენი უნდა გავიდეს? ან საერთოდ დაბრუნდება მამაჩემი ოდესმე? ამაზე ამ ერთი წლის განმავლობაში, ყოველწუთს ვფიქრობ, ძალიან ვნერვიულობ, მარტო მე კი არა, ყველა ის ადამიანი ვისი ოჯახის წევრის რუსებმა დაატყვევეს. ტყვეობაში მამაჩემთან ერთად უამრავი მშვიდობიანი მოქალაქეა.

მამა ქარხანაში მუშაობდა. რუსებმა, რომ წაიყვანეს მე მეზობლებმა მითხრეს სატვირთოში ჩასვესო… შემდეგ ეს ფოტო გავრცელდა რუსულ მედიაში და წარმოიდგინეთ ჩემთვის როგორი იყო, როცა ფოტოში მამაჩემი ამოვიცანი.

ტყვეობიდან გათავისუფლებულების ნაამბობიდან გავარკვიე, რომ მამა კურსკის ოლქში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა, თუმცა ახლა ისევ იქ არის თუ სადმე სხვაგან არ ვიცი

სახლი მის გარეშე ისეთი ცარიელია, შეხედვაც კი მიჭირს. უკვე ერთი წელია მე, ეს სახლი და საერთოდ ყველაფერი –  კარი, ფანჯარა თუ ეზო, მამაჩემს ელოდება. იმედი გვაქვს ოდესმე დაბრუნდება.“

რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული მასწავლებელი ვიქტორია ანდრუშა:

“ექვსი თვის განმავლობაში ვიყავი რუსეთის ტყვეობაში. იცით რაში მადანაშაულებდნენ? პროპაგანდაში. მასწავლებელი ვარ და საკანში რომ შემიყვანეს მითხრეს: “აჰ, შენ მასწავლებელი ხარ. ბავშვებს ასწავლი, რომ რუსეთი ცუდია. შენ პროპაგანდას ატარებ სკოლაშიო.

მცემდნენ და მაწამებდნენ… შემდეგ ცალკე ოთახში გადამიყვანეს და იქ ჩამკეტეს. ჩემს თვალწინ ქაღალდის ფურცელს ცეცხლი წაუკიდეს და მითხრეს, ახლა გაზს გავუშვებთ, აქედან გავალთ და შენ დაიწვებიო. ხშირად იყო ისეთი დღეები როცა სასტიკად გვემუქრებოდნენ, ლითონის იარაღები მოიტანეს და გვეუბნებოდნენ თქვენს სხეულს ოთხ ნაწილად დავჭრითო

შემდეგ რუს ტყვე ჯარისკაცებში გაგვცვალეს.. ვერ გეტყვით რამდენხანს ველოდი ტყვეობიდან თავის დაღწევას, თან ისე რომ არ ვიცოდი რეალურად შევძლებდი თუ არა ამას. ძალიან, ძალიან დიდხანს სახლში წასვლაზე ვოცნებობდი. შემდეგ უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელ რეგიონსა თუ ქალაქში მივაღწევდი, მთავარი იყო რუსებისგან თავი დამეღწია და უკრაინის კოტროლირებად მიწაზე ვყოფილიყავი.“

რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული, უკრაინელი ჯარისკაცის მეუღლე ოლენა იაჰუპოვა:

“ხუთი თვე.. ხუთი თვის განმავლობაში ვიყავი ტყვეობაში.. ახლაც ვმკურნალობ, რადგან ისეთი დაზიანებები მივიღე, რომლებიც ძალიან რთულად სამკურნალოა… რუსებმა ტყვეობის დროს ხელები და ფეხები შემიკრეს, საოფისე სკამზე დამაბეს და თავში ორლიტრიან წყლით სავსე ბოთლს მირტყამდნენ. ამის შემდეგ თავზე პოლიეთელინის პარკით ცდილობდნენ ჩემს გაგუდვას. კისერზე ლენტი შემომეხვიეს. ეს არ იკმარეს და ერთ-ერთმა ცხვირზე ხელი მომიჭირა რომ ცელოფნის პარკში რა ჰაერიც იყო, ისიც ვერ ჩამესუნთქა.

სანგრებს გვათხრევინებდნენ, აი აქ, გზასთან ახლოს… აქ ბევრი ორმოა, რომლებსაც ვთხრიდით.

კაცები მთელი დღე თხრიდნენ, დაბნელებამდე. ექვსი, შვიდი, რვა საათი შეუჩერებლად. იყო დღეები, როცა დილის 4 საათამდე გვათხრევინებდნენ რუსი ჯარისკაცები. თავზე გვადგენენ, ჩვენ კი, ტყვეებს, ადამიანებს უკვე აღარ შეგვეძლო. ხელები სულ დაბუჟებული გვქონდა, თითებს ვეღარ ვშლიდით.

ვცდილობდი ამ ყველაფრისთვის გამეძლო, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, მეგონა უკრაინის დროშას ვეღარასდროს ვეღარ ვნახავდი…”

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend