თეა კატუკია, საქართველოს ელჩი საფრანგეთში, თანამდებობას ტოვებს და მიზეზად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ზეწოლას ასახელებს.
მისი თქმით, ელჩად დანიშვნის პირველივე დღიდან მუშაობა უწევდა მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის ფონზე. თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია თეა კატუკიამ თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა.
როგორც თავად ამბობს, გადადგომის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრს პირველ მაისს გაუგზავნა, პირველი ივლისიდან კი გათავისუფლებულად ითვლება.
თეა კატუკიას განცხადებით, საქართველოს ევროპული მომავალი და დემოკრატიული განვითარება მხოლოდ საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ არჩევანზეა დამოკიდებული და ქვეყნის ევროპულ გზას ხელს უშლის მნიშვნელოვანი საკადრო და სტრუქტურული პრობლემები.
„გადადგომის თაობაზე ჩემს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჩემზე მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა.
იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 25 წელიწადი გავატარე საფრანგეთში და მაქვს საფრანგეთის მოქალაქეობა, თანამდებობაზე დათანხმებისას არ მიფიქრია, რომ საქართველოს მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა საზღვარგარეთ ჩემი განვლილი პროფესიული გზა და ჩემი პოლიტიკური მიუკერძოებლობა.
პირველივე დღიდან გავხდი საელჩოში არაერთი სერიოზული დარღვევისა და სტრუქტურული გაუმართაობის მოწმე, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებსა და იმიჯს.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ფუნქციის შესრულება მომიწევდა მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის ფონზე, რაც სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური პრაქტიკიდან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ვიცავ და იმ მიზნებსა და მისწრაფებებთან, რომლებიც საქართველოს მიმართ გამაჩნია”, – ნათქვამია თეა კატუკიას განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი თეა კატუკიას მუშაობით უკმაყოფილოა და საელჩოს ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე განცხადებას ავრცელებს: „სამწუხაროდ, თეა კატუკიამ ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე. მას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში“, – ნათქვამია განცხადებაში. სამინისტროში ამბობენ, რომ გაკვირვებული არიან თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით.
ანანო ღუდუშაური