მთავარი ევროპა საბერძნეთი კუნძულ ითაკაზე ტურისტული სეზონი დაიწყო

კუნძულ ითაკაზე ტურისტული სეზონი დაიწყო

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ საბერძნეთის კუნძულ ითაკაზე  ტურისტული სეზონია. ტურისტული სექტორი კი მორიგი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მსოფლიო ბაზრებზე ენერგორესურსებისა და პროდუქტების ფასების ზრდა გამოიწვია, რაც ტვირთად აწვება ადგილობრივ ტურისტულ სექტორს. ამავდროულად, გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გააქტიურდა საზღვაო ტურიზმი.

ითაკა, იონიის ზღვის მწვანე კუნძული, კიკლადების სხვა კუნძულებისგან განსხვავებით, სხვა ტურისტულ მოდელს მისდევს. აქ არ არის ღამის კლუბები და ხმაურიანი ბარები. დამსვენებლები ამ კუნძულზე სიმშვიდის, სიწყნარისა და ლურჯი კამკამა ზღვისთვის ჩამოდიან.

პაოლა სიტი ამ ბერძნული კუნძულის დედაქალაქ ვათიში რესტორანს ფლობს. ახალგაზრდა მეწარმე კმაყოფილია ტურისტული სეზონის დასაწყისით და დარწმუნებულია, რომ კოვიდ-19, როგორც იქნა, უკან მოიტოვეს. მათ პანდემიის გამო, ფაქტობრივად, 2 წელი დაკარგეს. პაოლა სიტის თქმით, რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, უფრო მეტი ტურისტი ეყოლებოდათ. ითაკაზე ბევრი ადამიანი ბალკანეთიდან იახტით ჩამოდის. თუმცა ინგლისელები, ამერიკელები და იტალიელებიც მრავლად არიან.

ბოლო რამდენიმე წელია, საზღვაო ტურიზმი საგრძნობლად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სეზონის დასაწყისია, ნავსადგურში ყოველდღიურად 80-მდე ნავი დგება. აგვისტოში ეს რიცხვი 250-ზე მეტია. ტურიზმის ბევრმა პროფესიონალმა არჩია, ინვესტიცია სასტუმროებში კი არ ჩაედო, არამედ ნავების გაქირავებაში.

ნავების გაქირავების კომპანიის მფლობელი გიორგოს გრივასი ნავებს უკვე 5 წელია, აქირავებს. მისი თქმით, ითაკა ულამაზესი კუნძულია, დიდებული ისტორიით. კუნძულის მნიშვნელოვანი ადგილების დათვალიერება მანქანით შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ტურისტებს ურჩევნიათ,  პატარა ნავები თუ იახტა იქირაონ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მან და მისმა პარტნიორმა ამ სექტორში ინვესტიციის ჩადება და საქმეც ჯერჯერობით კარგად მიდის.

მიუხედავად იმისა, რომ  სეზონის დაწყებას  ოპტიმისტურად უყურებენ, ვნებათაღელვას მაინც იწვევს ის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად  საგრძნობლად გაიზარდა ენეგორესურსების ფასი.  კუნძულზე არასდროს ყოფილა ბევრი ტურისტი უკრაინიდან და რუსეთიდან,  თუმცა გაზრდილი გადასახადები, სავარაუდოდ, დიდ მოგებას ვერ მოუტანს ტურისტულ სექტორს.

ერთ-ერთი კაფეს მფლობელი კონსტანტინოს კარავიასი ჰყვება, რომ გაზრდილი ფასები ენერგორესურსებსა და პროდუქტებზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც მომხმარებლებისთვის, ისე მთლიანად მათი პატარა კუნძულის ტურისტული სექტორისთვის. ისინი დილემის წინაშე აღმოჩნდნენ. არ იციან,  მომატებულ ფასებს თავად გაუმკლავდნენ თუ მომხმარებლებისთვის გაზარდონ  ფასები. როგორც ამბობს, ბევრი მეწარმე ეგუება გაზრდილ ფასებს და ეს მათ შემოსავალზეც აისახება.

მზისა და ზღვის მოყვარულების გარდა, ითაკა იმ ტურისტებსაც იზიდავს, რომლებსაც მთაში უყვართ სიარული.

აქამდე არასდროს უფიქრიათ, რომ კუნძული ტურისტული ცენტრი გამხდარიყო.  თუმცა წლების განმავლობაში გამოჩნდნენ ერთგული დამსვენებლები, რომლებიც თითქმის ყოველ ზაფხულს სტუმრობენ კუნძულს. მიუხედავად გაზრდილი ფასებისა, ადგილობრივები ცდილობენ, შარშანდელი ფასები შეინარჩუნონ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend