საქართველოში კორონავირუსის მაჩვენებელი ბოლო დღეებში იკლებს. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების შეფასებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, ფიქრობენ, რომ ინფიცირების შემცირებულმა მაჩვენებელმა მოქალაქეებს მოდუნების საშუალება არ უნდა მისცეს.
“კორონავირუსს ჯერჯერობით მუტაციების შესაძლებლობა სრულად არ ამოუწურავს. ასე რომ, საუბარი იმაზე, ბოლო მუტაცია არის ომიკრონი, ჯერჯერობით ნაადრევია. ამიტომ არ აკეთებს ჯანმო ჯერ ამ განაცხადს და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში შემთხვევების მატების რაოდენობა ახლა დაიწყო, როგორც ევროპულ, ისე აზიურ ქვეყნებში. ასე რომ, თუ მთლიანობაში გადავხედავთ ეპიდსიტუაციას, რა თქმა უნდა, უმრავლეს ქვეყანაში არის სტაბილური, მათ შორის, საქართველოში, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ახლო მომავლის საქმეა პანდემიის დასრულება, რა თქმა უნდა, ჯერ ნაადრევია“, – განაცხადა თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ.
ბოლო პერიოდში შემცირებულია აცრის მაჩვენებელიც. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პროცესის გააქტიურებას ცდილობენ. მისივე თქმით, მუშავდება საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც მომდევნო თვიდან დაიწყება.
„აცრის მაჩვენებელი ყოველდღე რამდენიმე ასეულია. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების ფართო არჩევანი გვაქვს, ახალი „ფაიზერის“ მოლოდინი იყო და ჩამოვიტანეთ. ვფიქრობ, კიდევ მეტი საკომუნიკაციო კამპანიაა საჭირო. როგორც ვნახეთ, ვაქცინა ნამდვილად იცავს ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალური შემთხვევებისგან, რაც სამწუხაროდ, გვქონდა ქვეყანაში“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
მედიკოსები აცხადებენ, რომ ზაფხულში კონტაქტები იმატებს, რაც ინფიცირების შემთხვევების რაოდენობას გაზრდის, ამიტომ მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ანა ალელიშვილი