მთავარისაქართველო„რომ არ ყოფილიყო უკრაინის თავდადებული ბრძოლა, ალბათ ეს დღეც არ დადგებოდა“ -...

„რომ არ ყოფილიყო უკრაინის თავდადებული ბრძოლა, ალბათ ეს დღეც არ დადგებოდა“ – სალომე ზურაბიშვილი

„ეს არ არის მხოლოდ კითხვარი - ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისთვის“

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის კითხვარის მიღებას ქვეყნისთვის ახალ შესაძლებლობად აფასებს. სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკავშირთან ერთად საქართველო ამისთვის უკრაინას უნდა უმადლოდეს.

„ეს არაჩვეულებრივი ახალი შანსია, რაც ჩვენს ქვეყანას გაუჩნდა. ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ევროპულ საბჭოს და კიდევ უფრო უნდა ვუმადლოდეთ უკრაინას და უკრაინისთვის ბრძოლას. რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ ეს დღეც არ დადგებოდა, არ დადგებოდა ასე სწრაფად და როდის მოვიდოდა ეს დღე, ამას ვერავინ იტყოდა. ევროკავშირმა ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს პროცესი დაეჩქარებინა და ეს პროცესი გაეხადა უფრო პოლიტიკური, ვიდრე ბიუროკრატიული“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს დოკუმენტი მხოლოდ კითხვარი არ არის და ეს არის საქართველოს ყველა მოქალაქისა და ყველა პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროინტეგრაცია ქვეყნის ეროვნული ინტერესია.

„ეს არ არის მხოლოდ კითხვარი და ამაზე „კი-ს“ და „არა-ს“ პასუხი. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ ყველანი ვართ პასუხისმგებელი შემდეგი თაობის წინაშე. ჩვენ ან შევძლებთ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ ან – ვერ შევძლებთ. ეს მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული და არავინ სხვაზე. ამიტომ, ამისთვის ყველა ძალა მობილიზებული უნდა იყოს. ეს არის ის საკითხი, რომელიც ვერ გადაწყდება რომელიმე ერთი ჯგუფის გადაწყვეტილებებით და ძალისხმევით. თუ რამეს ჰქვია ეროვნული, ეს არის ეროვნული საქმე, ეს არის ეროვნული ინტერესი. მე არ წარმომიდგენია, რომ ასეთი უდიდესი ეროვნული საქმე, რომელზეც ჩვენი წინაპრებიც ოცნებობდნენ, პირველი დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, ამ საქმის მიმართ არ ვიყოთ ყველანი გაერთიანებული“ – განაცხადა სალომე ზუბაბიშვილმა.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი საქართველოს 11 აპრილს, ქალაქ ლუქსემბრუგში გადაეცა. ამ დოკუმენტის საფუძველზე ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend