ენერგორესურსებზე ფასების ზრდა და უნდა ჩაერიოს თუ არა ევროკავშირი ევროპული ეკონომიკისა და მოქალაქეების დასაცავად – ეს ის საკითხებია, რომელთა განხილვას ბრიუსელში დიდი დრო დაეთმობა.
საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, ეს არც არის გასაკვირი. ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი რამდენიმე ევროპულ ქალაქში ჩავიდა. იგი ცდილობდა, ადგილობრივი მთავრობებისთვის შეეთავაზებინა წინადადება, რომელიც ფასების ლიმიტის დაწესებასა და ელექტროენერგიის ფასების გაზის მზარდი ფასებისგან გამიჯვნას ეხებოდა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ამბობს, რომ ბაზარზე არსებული ფასები არ ასახავს რეალურ ვითარებას. შესაბამისად, მოქალაქეებისა და ინდუსტრიების დასაცავად უნდა მიიღონ ზომები ევროპულ დონეზე როგორც მიწოდების, ისე ფასთა ფორმირების თვალსაზრისით.
თუმცა ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორისაა გერმანია და ნიდერლანდები, მიიჩნევს, რომ ენერგორესურსების ბაზარზე ჩარევა გაუმართლებელია.
ამავდროულად, ევროკომისია ქვეყნებს მოსთხოვს, რომ მომავალი ზამთრისთვის ბუნებრივი აირის საცავები 90 პროცენტით შეავსონ, რომ თავიდან იქნეს აცილებული მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებები.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მაროშ შევჩოვიჩი ამბობს, რომ მათ უნდა იპოვონ საუკეთესო გამოსავალი. მათი მიზანია, მთავრობების ხელმძღვანელებთან ერთად იმუშაონ ყველა ვარიანტზე, რათა აწონ-დაწონონ დადებითი და უარყოფითი მხარეები. მხოლოდ ამის შემდეგ წარუდგენენ ლიდერებს თავიანთ წინადადებებს.
ბრიუსელში გეგმავენ, რომ 2023 წლისთვის რუსული გაზის იმპორტი ორი მესამედით შეამცირონ, ხოლო 2027 წლისთვის საერთოდ თქვან უარი მის შესყიდვაზე.