მთავარისაქართველოსემეკის თავმჯდომარეს ელექტროენერგიის გაზრდილ ფასებზე განამრტებებისთვის პარლამენტში იბარებენ

სემეკის თავმჯდომარეს ელექტროენერგიის გაზრდილ ფასებზე განამრტებებისთვის პარლამენტში იბარებენ

ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფები და იმპორტირებული ენერგიის ირგვლივ შესაძლო კორუფციული გარიგებები – სწორედ ეს არის ის მიზეზი, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობა“ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს დავით ნარმანიას საკანონმდებლო ორგანოში იბარებს. პარტიაში ამბობენ, რომ სემეკის თავმჯდომარემ ამ საკითხებთან დაკავშირებით უახლოეს პლენარულ სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს უნდა უპასუხოს.

„დავით ნარმანიას მოუწევს პარლამენტში მოსვლა იმიტომ, რომ ეს თემები აწუხებს საზოგადოებას, ეს თემები გახდება აუცილებლად სოციალური აფეთქების საფუძველი, იმიტომ, რომ არ შეიძლება, რომ მოქალაქეებს აფინანსებინებდე შენ პარტიულ შავ სალაროს, არ შეიძლება, რომ მოქალაქეების ხარჯზე ხდებოდეს დაფინანსება ბიტკოინების, ივანიშვილის ბიტკოინების. არ შეიძლება, რომ საშუამავლო კომპანიები ათეულობით მილიონ ლარს აკეთებდნენ საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.

მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხს მარეგულირებელი სწავლობს და მიაჩნიათ, რომ ჯერ უნდა დაელოდონ შედეგს, მოისმინონ და ამის შემდეგ თუ კვლავ იქნება კითხვები, შემდეგ იქნებიან იმ სადარაჯოზე, რასაც მოქალაქის ინტერესი ჰქვია.

„ვფიქრობ, ბატონმა ნარმანიამ თვითონ გააკეთა ეს განცხადება და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თვითონ მარეგულირებელი სწავლობს აღნიშნულ საკითხს და ბუნებრივია, რომ უნდა დაველოდოთ და მოვისმინოთ და ამის შემდეგ თუ გვექნება კიდევ კითხვები დარჩენილი და იარსებებს რაიმე ლეგიტიმური კითხვები ამასთან დაკავშირებით, ცხადია, ჩვენ ვიქნებით იმ სადარაჯოზე, რასაც მოქალაქის ინტერესი ჰქვია. „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი, რომ ერთმანეთში აურიოს ყველაფერი და ჯერ წელიწად-ნახევრის განმავლობაში კარვებსა თუ ლეიბებზე წამოწოლას აპირებდნენ რუსთაველზე და, როგორც ჩანს, იქ კომფორტულად ვერ იგრძნეს თავი და ახლა გაახსენდათ საპარლამენტო საქმიანობა და რაღაც ამ თითქოსდა ხელოვნურ აჟიოტაჟში ცდილობენ, რომ საზოგადოებას თავი შეახსენონ, ეს ბუნებრივია, რომ ჩვენს დღის წესრიგში ვერანაირად ვერ მოხვდება“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.

საქართველოში საკმაოდ გაზრდილია იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც აცხადებენ, რომ კომუნალური გადასახდი არასწორად ერიცხებათ. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიის 3 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით „თელმიკოსა“ და „თელასში“ სპეციალური ჯგუფი შევიდა.

ამასობაში კი სემეკი განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, კომუნალური გადასახადების გასაჩივრების შემთხვევაში, შემდგომი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად უშუალოდ სემეკს ან ენერგოომბუდსმენს მიმართონ.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend